უკან არ მიიხედო!

 

მე ვერასდროს გავაღწევ ამ პლანეტიდან.

პირველად სუნი ვიგრძენი. ახალი წასული იყო და დარჩა.

მერე გამახსენდა, რომ ინდოელი ბრაჰმანები სურნელოვან ფლაკონებს ატარებდნენ სასიამოვნო პერიოდთა მოსაგონებლად. არ მჭირდება მეთქი ნივთი, ისედაც.

გადავიხარე საწოლის კიდისკენ და იმხელაზე გავშალე ძვლები, მეც გამიკვირდა მალებს შორის დაშორებები. ქაღალდში გავახვიე მისი სიგარეტის ფერფლი და ნაგვის ყუთში ვისროლე მიმიკით, რომელზეც მიხვდებოდით, რომ ოთახში მარტო ვარ. მერე ემბრიონის ფორმით ვიჯექი და სარკეში ვუყურებდი სიცივისგან დახორკლილ სხეულს როგორ სციოდა. მარად მციოდა. მერე ცხელი წყალი მივუშვირე მუცელს და წარმოვიდგინე, წყალს როგორ ჩავყვებოდი ხვრელში, რომელსაც მერე ამუშავებდნენ და ისევ მე ვსვამდი წრიული ბრუნვით. ფანჯრიდან გავიხედე, მრგვალი ფანჯარა რომაა იქიდან, ყველა აჩვენებდა სუიციდის გრანდიოზულ სანახაობას.

ადამიანთან ვიყავი, რომელიც დაბერდა. ნაადრევად. თითქოს თავიდანვე მოხუცი იყო. უძლური სიბნელის მიმართ. სპირალივით ვითარდებოდა და ნაპრალები დაბლა ექაჩებოდა.

სივრცეში მოიკუნტა. როგორც მისი პატარა ჯვარი, ჩემთან შეხვედრის დროს რომ იხსნიდა. მაინც წელგამართული დადიოდა, მაგრამ წუხელ სციოდა.

ჩავუკუჭე საბანი და მივუწექი. ისეთი მშრალი იყო, ცივი, ძილში ბოდავდა და ხელში შერჩენილ სიგარეტს ჭმუჭნიდა. სიკვდილის ლომკა ჰქონდა, თავად იწვევდა, მაგრამ იმდენად გამძლე იყო, რომ მხოლოდ ფსიქიკას აზიანებდა. ჩაეხვია. მორიდებულია. თავს ერიდებოდა.

ეს ნელი სიკვდილია და მერე გაშეშდა. მოიღუშა. ისე გაშეშდა, რომ გაიყინა. ასეთი დაზღვევა იცის, წუწუნებს უკიდურეს ზომამდე და მერე მარხავს იმდენად, რომ გადამიყვარდა. ზუსტად არ მახსოვს როდის, ალბათ მაშინ, როცა გაშეშდა, სიბნელე თავის გარშემო შეიკუჭა და გარეთ დავრჩი. ჩამარხულ ადგილს მომაშორა.

ან მაშინ, როცა რაღაც სახელს აბოდებდა და ხელში შერჩინილ სიგარეტს ჭმუჭნიდა. მივეკარი და განმზიდა.

ან როცა ვუყურებდი შორიდან თავს. როცა წარმოიშვა პაუზა.

პაუზამ კი, თავის მხრივ, ეჭვები წარმოშვა. თუმცა რაც უფრო ძლიერია საფუძვლიანი ეჭვიანობა, უსაფუძვლო ეჭვები მით მეტად ერთვის.

სინამდვილეში ეს დიდი ხნის წინ დაიწყო.

მერე მის სახლში მოვხვდი. შეიძლება ითქვას, ვიგრძენი, როგორც მისი ბავშვობა.  ისეთია რომ იტყვი, საკუთარმა აზრებმა შექმნა, აზრები კი თავად შექმნაო. იმდენად უნდოდა პრივატული სივრცის უფლება, რომ ჩაძიების შემთხვევაში, კედელს მეტად იშენებს.

ბავშვობაში ალბათ იწვა დიდური გამომეტყველებით, სტატიკურ პოზაში და სიფრთხილით აღიქვამდა სამყაროს, რომელიც ემხობოდა. მომავალთან შემზადების გამო მოკლებული იყო მოულოდნელობის ეფექტის სიამოვნებას. ხდებოდა პატივმოყვარე და ვერ იტანდა დაცინვას.  მაინც მგონია, რომ დემონი ჰყავდა. არა, მისტიური. არამედ, სათავისო. შთააგონებდა, რომ არაფერს გრძნობდა და უგრძნობლად აქცია.  ეს ისე, სხვებისთვის. სინამდვილეში რაც მეტად იკიდებს, მით უფრო აწვალებს ჩამოწელილი კანი. ახლა კი არ სვამს კითხვას, ატყუებენ თუ არა მისი შეგრძნებები.

უფრო ბავშვობაში ალბათ ამოეფარებოდა ნაცნობ სახეებს და ყველას უფრთხოდა. ჰოდა, მორიდება შემორჩა. უჭირდა ესწავლა თვალსაჩინოების ქონის გარეშე და ყველაფერს საკუთარ თავზე სცდიდა. სცდიდა იმდენად, რომ პრაქტიკამ დაღუპა.

 სიკვდილის ლომკა აქვს. ფორმულირებული და არამდგრადი ემოციური კავშირი მასთან. პირველი სიყვარული იყო. მერე ემოციები შეუდედდა. იმხელაა მიჯაჭვულობა რამხელაც კონცენტრაცია. ვიცოდი, რომ ჩემთვის ძვირფასი იყო როგორც მატერია. არა როგორც არსი, როგორც მატერია. მივუბრუნდი სტატუს-ქვოს აღდგენას.

თუ მანამდე ვიცოდი რა იყო, მერე მივხვდი რატომ იყო. მაგრამ იმის განმარტება გამიჭირდება, თუ რად უნდა ყველაფერი თავად გააკეთოს, აკონტროლოს საკუთარი სიცოცხლე თუ სიკვდილი. ალბათ ოდესმე დაწერს ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელსაც დაარქმევს ”როგორ გავხდი ათეისტი?!” და  აღწერს როგორაა მარტო, ურწმენოდ. არ ვგულისხმობ მხოლოდ ღმერთის უარყოფას. ერთხელ მითხრა, რომ ღმერთი იმიტომაც უყვარს, რომ შევიყვარე, შემიყვარა, მაგრამ ვიცი, რომ მისადმიც უნდობლობა აქვს. ათეისტია სიყვარულშიც თუ სხვა სფეროებში. ეს ურწმუნოება მისი სიმარტოვის მიზეზია. ალბათ მიზეზი ბავშვობაზე მეტია.

თავიდან რომ დამეწყო,  ბევრ რამეს შევცვლიდი. ალბათ ისეთივე უღრუბლო დავრჩებოდი, როგორც გამიცნო. ან რამე  ნაწილს დავიტოვებდი, რომელიც მოსწონდა. ვეტყოდი, რომ უკან არ მიეხედა: ბევრი ცხედარი ყრია. იმასაც, რომ კი არ უნდა დაეკიდა, უნდა გამოეყენა. რამდენი რამე დამრჩა სათქმელი. დარჩა. მე კი უბრალოდ მიჭირს კონტაქტი მწერლებთან, თუნდაც არც ერთი სიტყვა დაწერონ, აღფრთოვანებას წყვეტენ ემოციურად მუზა აღარ ხარ. და ადამიანთან, რომელიც მიჯაჭვულია (ზედმეტი ცუდი თუ კარგი მახსოვრობით) მშობლებზე. ეჩვევა დაგროვებას. მიმღებია. გონებრივი საუბრები მექნებოდა და ვეტყოდი, რომ მინდოდა ისიც მენახა, როგორ მოკვდება. თუმცა ვუყურებდი მის სუიციდს, თავის მეს რომ კლავდა ჩემში. ზოგჯერ არ გამოსდიოდა.

სიკვდილი კი ჯო ბლექს სულაც არ ჰგავს, მაგრამ საკმაოდ ვნებიანი შეხება იცის. აღგზნებს მძაფრი სუნთქვით მისი ყურზე და კისერზე ცხელი ხელებით უწევს  თმას ისე, რომ ხორკლებს აყრის. ვამჩნევ, როგორ ეწევა პერანგი და თმები ამოდიან  მაღლა. იმუხტებიან მისი ჰაერით. მუცელი თანდათან გამალებით ეკუმშება. თითები იწყებენ ცახცახს და ის არ მალავს. მეტიც, კივილამდე ხუჭავს თვალებს. იწევა სხეულით და ეკვრის.

ეკვრის იმდენად, რომ სხეულში ტყდება, ჰგონია და ყვირის იმისგან, რომ ზედმეტად ცხელი ტემპერატურა აქვს. მის ყინულიან კანს ასე ეწვება. ებღაუჭება, რომ მთელი არსებით შევდეს მასში. ხელებს მაჯებში ვკიდებ და ვანჯღრევ. ვაფხიზლებ. ის მპირდება, რომ ასე აღარ იზამს და სხეულს საპნით ვბან. მის გაწელილ ფოსოებში შემოდის წყალი. ვუთვალთვალებ, პირსახოცით ხელში და ვტირი. ვტირი იმაზე, რომ ვეჭვიანობ, რამდენადაც შესაძლებელია იეჭვიანო სიკვდილზე და საყვარელ კაცზე. რამდენადაც შესაძლებელია კონკურენციის არსებობა, რამდენადაც შესაძლებელია მე მასთან ოპოზიციურ ცნებად რომ ვიქცე. ვიბრძოლებ.

ადამიანს ვუყვარდი, რომელიც კვდებოდა.

ნაადრევად.

იქნებ ჩემი არსებობით, უმტკივნეულოდ.

2 responses to “უკან არ მიიხედო!

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s