– ჩაის დალევ?
გაზის გამათბობელს მოვშორდი, თან მიზეზი გვქონდა სამზარეულოში გავმარტოებულიყავით. ოჯახის წევრებს მოვაშორე, რომლებიც უამრავ კითხვას უსვამდნენ ახალ სამსახურზე და იმაზე, თუ სად დაიკარგა.
– ჰო, დავლევ.
– ლიმონი მაქვს და პავიდლო.
მაცივარში შეუხედავად ვიცოდი საკუთარი სახლის სიმდიდრე.
ეს ის იყო. ბოლოს ალბათ ივნისში ვნახე. მასზე ვწერდი კიდეც, როგორც საიდუმლო მეგობარზე, გვერდით ოთახიდან კი მიპაჭუნებდნენ თვალებს: მთავარია პირველი ნაბიჯი გადაიდგაო. მე სულელის ღიმილი მქონდა და ჩაისთვის ჭიქებს ვამზადებდი.
– რომელში დალევ? ამაში სვამდი ხოლმე. გახსოვს? გგავს.
ჭიქა მართლა ჰგავდა. უფრო სწორედ, ნახატი მასზე: თვალებდახუჭული და ლიმნიანი ტიპი გვერდული შარავანდედით.
– შაქარი რამდენი?
– ორი, ოღონდ არ მოურიო, ტკბილი არ მიყვარს.
– რა?
– ხუმრობაა ასეთი.
ჩემს გაოცებულ სახეზე გაეღიმა და ჩამეხუტა. როცა მეხუტება, იხრება. მაღლებს კომპლექსია მუდამ მოხრილი სიარული.
ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით. გზიდანვე იმდენი ვილაპარაკეთ, ავინაზღაურეთ გაცდენილი თვეები. ახლა არ მჯერა, რომ ჩემთან ზის და პურზე პავიდლოს ვუსვამ.
– შენ ყოველთვის ზრუნავდი ჩემზე, ნეტა ისიც ასე იყოს, შენ..
– ჩვენი ურთიერთობა გააფუჭა სხვებზე საუბრებმა, მოდი დღეს მაინც არ გვინდა ამაზე.
შევთანხმდით, მაგრამ როგორც ყველა პირობას მოსდის, ესეც ირღვევა.
– ჩვენ სხვებზე კი არა, საკუთარ ცხოვრებებზე ვსაუბრობთ, რომლებიც სხვებია. კი, გავიხსენეთ წარსული, სადაც ორივე ვიყავით ერთად, მაგრამ ახლა საერთო თემა არ გვაქვს.
ჩუმად ვარ. თითქმის მთელი საღამო ჩუმად ვარ და სულელივით ვიღიმი.
– არავის წააკითხო, რასაც ჩემზე წერდი.
– რატომ? – ვხვდები ცუდად მივიღე თხოვნა, მაგრამ მეორედ, გაცნობიერებულ რეაქციაში, დავწყნარდი.
– ცუდია, რომ ერთმანეთის ქორწილებში ვერ მივალთ.
– და ერთმანეთს ბავშვებს ვერ მოვუნათლავთ, – დავამატე შეპირებები.
ჭიქები გასარეცხად წავიღე. ის განაგრძობდა თხრობას რა კარგი წარსული გვქონდა.