საკუთარ ნაკლზე ვწერ. არა ისე, რომ მომხიბლავია მასზე ფიქრი, პირიქით, ფიზიკურად ძალიან მტკივა.
დედამ მუცელში ჩემი არსებობა კბილებით იგრძნო. ნგრევა დაიწყო. ორსულობის დროს ისე ჩამოეშალა, როგორც მე მაქვს ახლა.
კბილის ექიმი პოლიკლინიკაში დერეფნის ბოლოს იჯდა, მერე ბავშვთა ოთახისკენ გადმოიყვანეს. მოსაცდელში როცა ვიჯექი, მესმოდა ბურთის ხმა. ნერვებზე მოქმედებდა და სახლში გაქცევა მინდოდა. ყოველ ჯერზე, დედას ვთხოვდი, სახლში წავეყვანე. არ მინდოდა ჯანმრთელობა, თუ ის ტკივილით უნდა მიმეღწია. მპირდებოდა, რომ ახლადშემოსულ ხილს მიყიდიდა, მაგრამ კაბინეტიდან გმირულად გამოსულს ჭამის თავი ნაკლებად მქონდა.
ექიმი პლომბებისგან მძივებს მიწყობდა და მკიდებდა. იმ დროს ანბანი ახალი ნასწავლი მქონდა და ჯერ კიდევ მერეოდა რამდენი კბილია და რამდენი – ასო-ბგერა.
მე კი უჩვეულო კბილები მქონდა. თითქმის სკოლანდელ ასაკში მოვიცვალე. სხვა მხრივ, უპრობლემო ბავშვი ვიყავი. არც ვშავდებოდი და შრამიც მხოლოდ ორი მაქვს: მუცელზე, ძაღლმა რომ მიკბინა, საყვარელ ბუშტს რომ ვმარხავდი და თითი პოლაროიდის კასეტაზე ვიტკინე.
თითქოს სწრაფად გავიზარდე. ორგანიზმი ადრე დაბერდა: დამიბერდა თმა და კბილები.
შარშან აღმოვაჩინე, რომ ერთით მეტი კბილი მქონია. საკუთარი უნიკალურობა ხუმრობად ვაქციე და ვწერდი: ”ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემში ცალი კბილით მეორე ადამიანიცაა.” ბოლოს როცა სარკეში ჩავიხედე, უადგილოდ ამოზრდილი კიდევ ერთი კბილი დავინახე. ხანდახან საკუთარი სახე მაშინებს.
მე მარცხენა ფეხის საჩვენებელი თითი დიდი მაქვს,ცერა კი პატარა :დ რა მოხდა მერე :დ
შენ ეგ თითი არ გტკივა და ის მოხდა :პ
ისე ეგ წყობა ძალიან ქალურია ❤