ვინ როგორ გვყიდის?! (ანუ დროის და სივრცის პრობლემა ეგზოტიკურ ქვეყანაში)

 ჩემი აზრით, ეგოისტურია თაობათა ბრძოლების განხილვა ეპოქისთვის ნიშანდობლივად. წუწუნი იმაზე, რა ხდება აქ და ახლა, მეტი არაფერია თუ არა, ნარცისიზმის გამომჟღავნება: რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ცუდები, დამნაშავეები.. ჩემი წერის თემა ძირითადად სულის ფსიქოლოგიურ, მათემატიკურ, თეოლოგიურ, პარამეცნიერულ სფეროებს ეხება, მაგრამ ამჯერად ქართულ სულზე მინდა დავწერო, რომელიც სახელმწიფოთა საზღვრებში არ შემოიფარგლება ( ვუფრთხი ამას ) და პრობლემა ორივე მხრიდან განვიხილო. დიდი ხანი ვფიქრობდი, რა დამერქმია სტატიისთვის. ბოლოს ორივე სათაური დავტოვე. მე ხომ არჩევნის გაკეთება მიჭირს. აქ გლობუსის ფოტო დაიდოს.

როცა ჩემი თაობის ბიჭებს ვეკითხები, მოუპარავთ რამე თუ არა, პასუხად თავის გამართლებას ვიღებ, რომ მაშინ სხვა დრო იყო, ისინიც აყვნენ. მორალის კითხვას, ქურდობა ცუდია თუ კარგია, არ ვაპირებ, მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივ მდგომარეობაზე გავამახვილებდი ყურადღებას. საკუთარი საქციელის დროით გამართლება ჩვევად ქცეულ მიმიკას წააგავს, ერთხელ მეც კი გამოვიყენე, ისე გაუცნობიერებლად.

მერე მივხვდი, რომ დაღლილი ადამიანი კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩენისას კომფორმისტი ხდება. თითქოს რა საშინლად უნდა ჟღერდეს ეს ცნება. აქ კი ყოველთვის ოქროს წესი მახსენდება, რომ თუ საკუთარ ნაკლს ვერ ვასწორებთ, მასზე ხშირად ვილაპარაკოთ.  იქნებ ”შეიფუთოს” და ვინ იცის, იქნებ სარფიანად ”გაიყიდოს”.

და ჩვენც ვლაპარაკობთ, ომახიანად და სადღეგრძელოებად დაღვრილი მონოტონურობით ქართულ ეპიკურ წარსულზე და თანამედროვეობაში ვერ აღმოჩენილ გმირებზე. გვჩვევია, ყოველგვარი უკულტურობის მსახიობურად წარმოჩენა ისე, რომ ”უნაკლო უცხოელს” შურის საბაბი მიეცეს. არტისტიზმს ამოფარებული უცოდინრობა კი თავისებურ ელფერს გვაძლევს. მაგალითად, ”მოგებული” ომი ხომ თავისთავად, მაგრამ ”წაგებული” ომის ისე შეფუთვა უნდა შეგვეძლოს, რომ მსხვერპლობა დიადი და მარად დამცირებული ერის პრობლემაა და ნებისმიერ შემთხვევაში  დიადემა გვშვენის.

ხალხი, რომელიც წარსულს განადიდებს ვერ ვხვდები, თუ უშვებს შესაძლო ვარიანტს წარსულის შესაძლო მცდარობაზე; რომ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გაზვიადებული იყოს და ისტორია სხვა არაფერი, თუ არა მხატვრული ლიტერატურა; რომ შეიძლება ერთი ქართველი სულაც არ ამარცხებდეს ას მებრძოლს; შეიძლება ხდებოდა ომები, მაგრამ ქვეყნის შიგნით, კუთხეებს შორის.

თქვენ ახლა გიწითლდებათ სახეები, ნაღველის მსგავსი ბურთულა ყელში გეჩხირებათ და ამბობთ, რომ ჩემნაირი არაპატრიოტებისთვის ტყუილად გაუწირავთ თავი. მესმის, რთულია დაანგრიო ნაშენები იდეოლოგია, როცა ალტერნატიული ვარიანტი არ გიძებნია. მაგრამ მე მხოლოდ ის მაინტერესებს, თუ უშვებ, სადღაც გულის კუნჭულში, რომ არსებული რელიგია მცდარია და ჯერ კიდევ შეუმდგარი ეროვნულობა გვაქვს; თუ უშვებ, რომ ეროვნულობა  თერგდალეულებიდან მოყოლებული შენდება, მანამდელ ისტორიაში კი მეფის და მებრძოლის ურთიერთობა გვაქვს, მე-19 საუკუნეში რომ პატრიოტიზმს ეწერებოდა: გმირი კაცები და მათი მებრძოლი დედები. ერთ-ერთ ძველ სპექტაკლში რომ ნახე, ქალი დაღუპული ქმრის სიკვდილს გლოვობდა, გაგიკვირდა, რომ პირადი ცხოვრება ქვეყანაზე მეტად მაშინაც აინტერესებდათ.

რაც ვიყავით, ისინი დავრჩით. ვაჩვენებთ გაქცევის გრანდიოზულ სანახაობებს. პატრიოტიზმი სადღეგრძელოდან მორიგ სადღეგრძელომდე გვყოფნის. სამაგიეროდ, იგი ნამდვილი და ნოსტალგიურია წარსულზე, რომელიც შესაძლოა არც გაგვაჩნდა და პოტენცია მისი არც გამეორების.

ჰოდა, ჩვენც ვრჩებით წარსულში, ვამუშავებთ და ვტრიალებთ თითზე დახვეულ დროებას, ხალხურ ფოლკლორში რომ იჩენს თავს და ვუჩვენებთ უცხოეთს: რა კარგები ვიყავით, ჩოხა-ახალუხი გვეცვა, ქალი ქალობდა, ვაჟი ვაჟობდა, გული გულაობდა. უცხოეთიც გვაფასებს როგორც ეგზოტიკურ ქვეყანას. მიკვირს, რატომ უნდა გინდოდეს დარჩე ეგზოტიკად, არ გინდოდეს შექმნა ახალი, არ განვითარდე როგორც აწმყო,  ამით ხომ კონკურენტუნარიანობას უსპობ ქვეყანას.

ხომ უამრავი ფრაზა მომისმენია, მაგრამ ამ შემოდგომით გაგონილმა გამაოგნა: სადღეგრძელო იყო, – მხოლოდ ქართველი დედა თუ იტირებს შვილის გამოო, – იყო გავრცობილი და დასაბუთებული აზრი. მე კი ვიჯექი და ხმაამოუღებლად ვფიქრობდი: რამე უნდა ვთქვა?

მოკლედ, ჩვილი ეროვნულობა გვაქვს. ქართული სული მხოლოდ ერთი საუკუნისაა, ისიც ნაწილი ტყვეობაშია გატარებული და განვითარებას ხელს უშლის. ახლა კი გლობალიზაცია ერთვის, რაც მეტად აფერხებს მის მოძრაობას.

უკიდურესობები მხვდება. ვამჩნევ, რომ შიშველი მეფის სამოსის დიდებამ, თუ რაოდენ არ გვძალგვიძს მოკვდავთ მისი დანახვა, ისეთ კომიკურ სიტუაციაში ჩაგვავგდო, როგორც ერთ ფილმშია: საბჭოელ ქალს რკინის ფარდის შეღების მერე პირველივე შავკანიანთან რომ ექნება სექსი, როგორც თავისუფლების, ”აკრძალული ხილის” სიმბოლოსთან.

საინტერესოა ეს ქვეყანა, – უყურებ, როგორ მოთქვამენ არშემდგარ პროფესიებზე და გარბიან; ან როგორ თვლიან საქართველოს სამყაროს ცენტრად და გარბიან.  კიდევ იმიტომ, რომ მაინტერესებს, ჩამოუყალიბებელი იდეოლოგიები რომ აქვს და ჩვენ რომ ვუქმნით, ახალს ვაშენებთ, ნულიდან. მისი ეროვნულობა ქალწულივითაა, როგორც გინდა ისე გამოიყენებ, რადგან შედარების შანსი არ აქვს. პლიუს მისავით მასობრივად ყველასთვის თავის შეყვარების მანია ახასიათებს. შენ ძალით აჩეჩებ სხვათა იდეოლოგიებს ან წარსულიდან აჩეჩებ რამეს. დიახ, ეს სიყვარულია. როგორც ერთ სპექტაკლშია: ეს ნაციონალური შოკია!

გაიზარდე!

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s