თოვლის ბაბუის ინსტიტუტი

 #1. გოზინაყი მინდა

ძველმოდური ადამიანი ვარ, თუ დროს ტექნიკის კუთხით განვიხილავთ. ისე არ გამიგოთ, ვადარებდე და წიგნის სუნი ინტერნეტს მერჩივნოს ან ინტერნეტში მხოლოდ სოც. ქსელებისთვის შევდიოდე. : ) ძნელად ვიგებ ძვირადღირებულ მობილურებს და სხვაზე გაცილებით მეტ დროს ვუთმობ მათ დაშლა-აწყობას. : ) პლიუს, დაილოცოს ზენიტი. : )) გამოგიტყდებით და ბლოგისთვის პოსტსაც ქაღალდზე ვწერ. და მერე ვკრეფ. ასე აზრები მეტად თანმიმდევრულია.

ამ თემაზე წერა 1 თვის წინ შთამეგონა, როცა მეგობარმა მკითხა, ნაძვის ხე დადგიო? მე არ შემიმჩნევია, არა თუ ის, რომ ოქტომბერია, ისედაც არ ვდგამ და გაკვირვების გარეშე ვპასუხობ:

– არა, შენ?

გითქვამთ ოდესმე ბავშვისთვის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს? სახალისო ექსპერიმენტია, რომელზეც სხვადასხვა ობიექტი განსხვავებულად რეაგირებს. ზოგმა მცემა კიდეც.  მათი ე.წ. ტკბილი ტყუილი დიდობაში აუცილებლად თავს იჩენს მეთქი, გავიფიქრე და მათ მშობლებს განვუცხადე:

– თქვენ ბავშვებს არასწორად ზრდით: ენას იჩლიფავთ და მეტყველებას უნაზებთ, გრამატიკას ართმევთ და მერე გიკვირთ, ჟურნალისტები როგორ მეტყველებენ. ცხოვრებისეულ სირთულეებში ენაზებით და აწოდებთ მასობრივ ტყუილს.

ჩვენც მასე ვართო აღზრდილები, – მედავებით, – და მერე რა, ვერ გავიზარდეთ? კი, აბტურიენტობისას ვსწავლობთ ენის გასატეხებს. მშვენიერია. ვგებულობთ, რომ თოვლის ბაბუა მშობლებისგან დაქირავებული მუშაკია და, როგორც წესი, მანქანით დადის. მაგრამ ილუზიებისგან ვერ გამოვდივართ.

– ატყუებთ და მერე გიკვირთ, რატომ იტყუებიან. თქვენ არასწორად ზრდით ბავშვებს!

#2. სისხლიანი მერი თუ ლაშარობა

მეც გაზრდის მსხვერპლი ვარ. იმ წლებში დავიბადე, ენთუზიაზმზე გაკეთებული ქვეყნები სსრკს რომ ცვლიდნენ. და მასთან ერთად პოლიტ. ათეიზმი ტრანსფორმაციას გადიოდა. ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და პარალელურად ხატები აღმართეს. ხატები და ჯვრები მასობრივად და მქუხარე ტაშით. მსგავსზე აპლოდისმენტებსაც აკრძალული ხილის გარდა გამოტოვებულის დადევნების მიზეზი ჰქონდა. ცოდვების მონანიებასაც ისტერიული ხასიათი მიეღო. აქაც მასობრივად უკრავდნენ ტაშს. ოთხი წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს. ღმერთი სიყვარულის სახელით დამსჯელ ძალად აღიქმებოდა. და მეც მსჯიდნენ. არა, ფიზიკურად. არა, არც კუთხეში მაყენებდნენ და არც ჯოხებს მამტვრევდნენ. მადლობა ღმერთს, საკმაოდ ცივილურად და ლმობიერად, სიტყვებით:

– ღმერთი დაგსჯის!

ისიც მსჯიდა. უფრო სწორედ, თავს ცხელი წყლით ბანაობისას თავად ვისჯიდი, კუპრში დაწვას რომ შევჩვეოდი. მერე გავიგე, თურმე სხვებიც სჩადიოდნენ იმავეს. კუპრის რა გითხრათ, მაგრამ მას მერე სიცხეს კარგად ვიტან.

ზაფხულობით, როცა მამა ნადირობდა, მე სათამაშო ხაფანგი მქონდა, – სოფელში მათში წიწილებს ვიტყუებდი და ვკეტავდი. თითქოს საზიანო არ ყოფილა, მაგრამ ერთს ფეხი გაეჭედა და დაკოჭლდა. მამამ ფრინველი დაჭრა და შეჭამა. მას მერე, ხორცის ჭამა არ მიყვარს.

მითუმეტეს, არ მიყვარს წმინდა მსხვერპლშეწირვები და დანიანი ტიპები დღესასწაულებზე. და როცა ხალხი ერთობა, მე ვწევარ და ვკითხულობ რამეს. ზრდილობის გამო მაინც ხმა ამოიღეო და ვიღებ. ზრდილობის გამო ვიღებდი და ვკითხულობდი.

წარღვნაზე რომ წავიკითხე, ავტირდი. თან ის პერიოდი იყო, როცა სოფელში  რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. მას მერე ვიცი, რომ წარღვნას ყველა დროში ელიან.

მერე გავიდა დრო. სხვათაშორის, ამ დღეებში მეგობარმა ბავშვი მონათლა. ნათლიან მეგობრებთან ერთად ყაზბეგში დამპატიჟა. თითქოს დავთანხმდებოდი, რომ არა პოსტსკრიპტუმად დათანხმების მორიგი მცდელობა:

– ცხვარი ავიყვანოთ და დავკლათ. მორწმუნე ვარ და მიყვარს რიტუალები. ხომ წამოხვალ?

– არა! – ცივი უარი ვუთხარი მათ რამდენჯერმე გამეორებულ შეკითხვას. გაეცინათ კიდეც ისეთი ტონი აღმომაჩნდა. ლოტკინის თავიდან მეტრომდე ისე ჩავირბინე, არც დავმშვიდობებივარ.

რაც შეეხება მსხვერპლშეწირვას ღმერთის სახელით, საიდან მოდის?

გზაში ჩემს თავს ვეჩხუბებოდი, რატომ არ ვუთხარი:

– თუ ქრისტიანი ხარ, წაგიკითხავს და ანსხვავებ ძველსა და ახალ აღთქმას, თუ ჯვარი გიკეთკია და იცი მისი სიმბოლური დატვირთვა. როცა ქრისტე ეწამა, ღვთის წამება ნებისმიერ ხორციელ მსხვერპლზე მაღლა დადგა, ღვთის შიში სიყვარულმა ჩაანაცვლა. სისხლიანი მსხვერპლი კი სულიერმა მსხვერპლმა (ბერ-მონაზვნობამ), – ბოლოს ვთხოვდი, ხორცის ჭამა თუ უნდოდა, ქრისტეს ნუ აბრალებდა.

ამას წინათ, ფორუმზე წავიკითხე, თევზების ზოდიაქოზე ეწერა, სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ თავს დადებს რომ მოსემ ზღვა ორ ნაწილად გააპოო. სამწუხაროა, ნებისმიერი სიმბოლო რომ პირდაპირი მნიშვნელობით იგება. ვერც იმ მწუხარებას გავეცალე, რომ აღზრდის მსხვერპლები ვართ. გავიზარდეთ, დიდური ილუზიები გვაქვს. რასაც გვიყვებოდნენ, ყველაფერს ვიჯერებთ, უანალიზოთ, უეჭვოდ, ბრმად.  თითქოს რა მოხდა, უწყინარია თოვლის ბაბუის არსებობა, მაგრამ კიდევ იმდენი ილუზიაა.

დღეს წმინდა გიორგობაა. ახლა ლიბერალები გამოდიან, ვეშაპის ნაცვლად ადამიანი იგულისხმებაო მახვილის ქვეშ. ზოგი ადამიანს ჩათვლის, ზოგი – არა. მაგრამ მე ისევ ქრისტიანული ფრაზა მახსენდება: ცოდვას ებრძოლე და არა ცოდვილსო. გიორგი ბოროტ ადამიანებს კი არ ებრძოდა, ებრძოდა ქრთამებს, თავისუფლების შეზღუდვასა და შიშს, პირველ რიგში საკუთარ თავში. მერე მოვიდა ქრისტე და ბრძოლის ხერხიც შეცვალა, – მახვილს ბზა შეუსაბამა.

საღამოს მეგობარი მპატიჟებს ბარში და ვსვამთ სისხლიან მერის. რას გაუმარჯოსო. ვპასუხობ:

– ოცნებას.

#3.  რა განსხვავებაა შიზოფრენისა და ილუზიას შორის?

რამდენნაირად შეიძლება გავიგოთ ილუზია. მითუმეტეს, იმ კიბერ სამყაროში, სადაც რეალობის ცნება შედარებითია და ოპოზიციას არ უქმნის მას.

ადრე რელიგიის მასწავლებელმა გვკითხა, გვჯეროდა თუ არა, რომ სადღაც უკვდავების წყარო მოედინებაო. დასკვნა ასეთი იყო, რომ რაც ადამიანის ფანტაზიას შეუძლია მოიგონოს, ჰაერზე არაა, თავად ჰაერიც არ არის ჰაერზე, და რომ ყველაფერი შესაძლებელია.

ფეისბუქის ერთ-ერთ  ჯგუფში ვსაუბრობდი ამის შესახებ. თუ რა სახის მულტფილმი მიეწოდება ბავშვს დღეს? ფანტასტიკის ჟანრშიც კი ცდილობენ ვითარება ლოგიკური გზით განავითარონ. ეს ეპოქაა, სადაც ფანტასტიკაც სამეცნიეროა ხასიათისაა. და არა უბრალოდ ვაშლი, რომელიც სასწაულებს ახდენს. ფანტაზია გარემოს შეცნობას ალბათ ვერ ეხმარება, მეტიც, ართულებს. ჩემი აზრით, გრძნობადი, აღქმითი ორგანოები მისგან უნდა გავმიჯნოთ. სამომავლო გეგმებისთვის უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე სიღრმეში ჩასახედად.

ფანტაზიურ აზროვნებას აქვს თვისება: ილუზიით შეიცნოს მომავალი. ამის შედეგად, მიღებულ მოახლოებულ განცდებს შეიძლება უკუღმაც ვიგებთ, – მოახლოებული ლხინის დროს ვტირით და პირიქით.

თუმცა ვერ გამიგეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფანტაზია უგულვებელყოფილი იყოს. მეტიც, მისი განვითარება გამოგონებას უწყობს ხელს, ახალი იდეების არსებობას, მაგრამ მისი წარსულთან გათამაშება საფრთხეს იწვევს. ეს საუკუნეა ფანტაზიის გამეცნიერების და მეცნიერების გაფანტაზიურობის. საუკუნეა, სადაც რეალობა, თავისი წარსული-აწმყო-მომავლით, ეჭქვეშაა. ეჭვქვეშაა თვითონ რეალობის რეალურობის განცდა.

როდესაც პირველად შეისწავლეს ჰალუცინაციები კლინიკურად, ის გამოიყო ილუზიებისგან. იგი მისგან ობიექტის არსებობა/არარსებობით განსხვავდება. ჰალუცინაციის დროს საგანი არ არსებობს. ილუზიის დროს არსებობს ობიექტი, მაგრამ სუბიექტურადაა აღქმული. როცა აღქმა ძლიერდება საგანი მაშინ იცვლება ან სახეს იცვლის. რჩევა შეიძლება  შემდეგნაირიც იყოს: აზრთა თვითნებური ნაკადისას ყურადღება სხვა გრძნობად ორგანოზე გადავიტანოთ. მაგალითად, ხედვითი ორგანოდან სმენითზე. ეს ეხმარება ჰალუცინაციის გაქრობას საწყის სტადიაზე. იმავეთი ილუზიას ვერ განასხვავებ რეალობისგან.

ზოგი თვლის, რომ ბოდვები, გამოგონებები, არანორმალური ემოციური მდგომარეობები  პიროვნებაში  ევოლუციის მანიშნებელია. შეგვიძლია სიზმრების აღქმაც, როგორც ჩახშული ცნობიერი, რომელის ინტენსიურ მიფუჩეჩებაშიც სიზმრთა ნაკადი იმდენად ძლიერდება, რომ ფხიზელი ადამიანიც იმყოფება ძილში, ჰალუცინაციურ, შიზოფრენიულ მდგომარეობაში. ასე რომ, ნებისმიერი გამოგონილი საგანსაც რეალური საწყისი გააჩნია.

 სამწუხაროდ, ზედმეტად ვცხოვრობ ოცნებაში, თუმცა ძალიან ეჭვიანი ვარ. მიჭირს გარკვევა რომელია ჩემი აზრი და რომელი მიბაძვა. ბავშვობიდან მაინტერესებს თეოლოგია და ეს ჩემს თემებსაც ეტყობა ალბათ. ეს ინტერესის განცდაა ის, რაც მეხმარება ოცნების განსხეულებაში. ბოლო-ბოლო თავიდან ყველაფერი სიტყვის დონემდე იყო.

#3. ჯამი ანუ რისი თქმა მინდა 

 თანამედროვეობის თვალსაზრისით, ილუზია პოტენციურია ან წარსულის გადმონაშთია. რეალობის ცნება ბრჭყალებში ჩასასმელად თუ გამოიყენება.

ეს 21-ე საუკუნეა, სადაც აზროვნებისთვის დამახასიათებელია არა გამარჯვება, არამედ, მიღებული გამოცდილება. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს საუკუნეს. დრო და სივრცე მხოლოდ პირობითია.

ადამიანს, რომელსაც ფანტაზიის უნარი აქვს, შემოქმედებითი თვალსაზრისით განვითარებულ პიროვნებად ყალიბდება. მაგრამ ნუ მივაწვდით ბავშვებს ცრუ ინფორმაციას. პირიქით, ვეცადოთ ცნობისმოყვარეობის, ეჭვიანობის გრძნობა გავუღვივოთ.

თოვლის ბაბუის არსებობის თუ არ დაიჯერა, ნუ გავუფანტავთ ეჭვებს. დაე, თავად შექმნან თავიანთი ინდივიდუალური თოვლის კაცუნა, 21-ე საუკუნის ბავშვებს დასაქოქი ირმებით რომ ამარაგებს.

ნუ აღვზრდით ტყუილებში.

ნუ ვუკრძალავთ თავისუფალ ფიქრს და ნუ შევზღუდავთ ცოდვების დაშვებაში. გახსოვდეთ, ნიუტონი მაშინ მიხვდა ჭეშმარიტებას, როცა თავში ვაშლი დაეცა.

არც მე ვიქნები კარგი დედა, რადგან პრაქტიკა მეტისმეტად მერთულება. მაგრამ იმაში მაინც შევთანხმდეთ, განათლების სისტემაში ცვლილებებია შესატანი.

გილოცავთ გიორგობას და დამდეგ შობა-ახალ წელს!

One response to “თოვლის ბაბუის ინსტიტუტი

  1. მართალია არ არსებობს თოვლის ბაბუა მე ვარ 10 წლის და დედაჩემი 4 გამოვიჭირე მაგრამ არაფერი მითქვამს

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s