იდენტობადაკარგული გველი

 ფაშისტურ სენტიმენტალიზმს ვგრძნობ, – ეს ფრაზა ამეკვიატა. თითქოს ერთმანეთთან შეუსაბამო ცნებებია, მეტიც, გამოსარიცხი, მაგრამ დღევანდელ განწყობას ასახავს. დილით მოვდიოდი სახლში, წესით მაშინ, როცა  სახლიდან გადიან. რობაქიძის ”გველის პერანგს” ვკითხულობდით მე და მეგობარი, იმ ადგილებს წინასწარ რომ გავხაზეთ და ჩაგვეძინა. მას არ მოსწონდა წიგნი, მწერალი ფაშისტი არისო. მე ვთქვი, რომ მომწონს როგორც წერს. მეტრო ნელ-ნელა გათავისუფლდა. ჩამოვედი. აქედან ორი ვარიანტი მაქვს: 28 ნომერი სამარშუტო ან 43 ნომერი ავტობუსი. დილაობით,  საწინააღმდეგო მოძრაობისას (ანუ ჩემი უბნისკენ), ორივე ცარიელია. მე ავტობუსი ვარჩიე, – მალე გადის.
ლიტერატურაში არ მიყვარს დიალოგები. საკუთარ მეებთანაც გრძელი მონოლოგები მაქვს და წერის დროსაც  ვცდილობ ნაკლებად ვიხმარო ბრჭყალები/ტირე. მეტიც, ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დიალოგებს საერთოდ შევეშვა თვეში რომელიმე დღეს და მესამე პირში ვისაუბრო. ისე, მრავალფეროვნებისთვის. მრავალფეროვნებისთვის უცნაური მგზავრები შემხვდნენ. უცნაურობა თავიანთი თავებისადმი უცნაურად აღქმაში გამოიხატებოდა. ჩემი საყვარელი თამაში დავიწყე: მომეგონა ისტორიები მგზავრებისთვის. მოგონება დიდხანს არც დამჭირვებია, ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ. ძირითადად აკრიტიკებდნენ ორ შავკანიან მგზავრს, ჩვენთან ახლოს რომ ცხოვრობდნენ და ახლა ავტობუსით მგზავრობდნენ. დიალოგის გამოყენება მჭირდება:
– წადით, სუნიანებო, ფეხით იმგზავრეთ. თქვენს ქვეყნებში წადით სულაც!
– მართალია. რა უნდათ აქ? გაუჩერეთ და ჩავყაროთ. მძღოლო!
ისინი ხშირად მართლაც ფეხით დადიან, უთენია დგებიან და ტრანსპორტს მეტრომდე არ იყენებენ. ძირითადად არც მე ვიყენებ და ვიცი. ისიც ვიცი, ავტობუსი სახლამდე რომ ათ წუთში მივა და, ზოგადად, ბევრი რამ ვიცი: 🙂 რომ მივალ, დავწვები, როგორც ყოველთვის გაჭიანურებით ჩამეძინება და პირველი საათისთვის კომპიუტერთან დავჯდები. რომელიმე ბლოგზე შევალ, წავიკითხავ. საკუთარში დღის გეგმას დავწერ. თან ლიმნიანი ჩაი მექნება გვერდით ჩაიდნითურთ და ყოველ ოც წუთში დავლევ. 🙂 დაგეგმვას აქ ვწყდები და საფქრალი თემა სხვა საკითხზე გადამაქვს: რატომ შევქმენი ბლოგი? აქ მახსენდება რამდენიმე ადამიანი, ვისთვისაც ვწერ, მაგრამ აქ არ შემოსულან. ზოგადად, ნაცნობები არც შემოდიან და თუ შემოდიან, არ ვიცი თუ მცნობენ. გრავატარის უცნაური ფოტოა, მაკიაჟით ვარ და არ მგავს. თუმცა იმ წლებისაა, მათ რომ ვიცნობდი. რა ზოგანი ცნებაა უცნაური. რამდენჯერაც ვიხმარე, იმდენჯერ ვინანე. ის-ის იყო, მონოლოგი სხვა გზით განვითარდებოდა, რომ სახლში მოვედი.
ერთი რიგის მოვლენები სწორ ხაზზე დაეწყო. მითხრეს, რომ თურმე სახლიდან სახლში ტრანსფერისას ( გაზაფხულზე ) ათასობით ფოტო დავკარგე, ოჯახის წევრების, საუკუნის წინანდელი წინაპრების, ჩემი ბავშვობის ფოტოები.. მთელი ალბომები. რა დროს მშვიდად სუნთქვაა. პანიკა მაქვს. ის ანეგდოტი რომაა, სვანი რომ შიშველი გადაიღებს, ბავშვობის ფოტო დავკარგეო, ისეთ ხასიათზე ვარ. ხოდა, ან წინ უნდა წავიდე, ან ვიღო და ვიღო 😦 მინდა დავურეკო ძველი სახლის პატრონს და ვკითხო, მასთან ხომ არ ინახება. მაგრამ სახლის ნომერიც არ მახსოვს. არც იმ ბიჭის სახელი მახსოვს, ვინც იქ ცხოვრობს. მახსოვს, ქუდით ხშირად დადიოდა, – ციოდა. ეს არ კმარა. არ ვიცი, რამე უნდა ვქნა. რამე.
ფაშისტური სენტიმენტალიზმი მაქვს. ტყუილად არ ამეკვიატა დილიდან. მგონია, მოლეკულა ვარ, რომელიც დიდ ქალაქში მოხვდა ან უპერანგო გველი, ახლახანს ტყავი რომ გაიცალა და გაშიშვლდა ევას მოდგმის ჩემი ერთი პერსონაჟივით. ვიცი, არ მჭირდება მტკიცებულება იმისთვის, რომ მეც ვიყავი ბავშვი. ან არქივი, რომელიც ”დეენკას” მინახავდა, ჩემშია. მაგრამ მე ისე ვარ მიჯაჭვული საკუთარ წარსულს, მასთან დაკავშირებულ საგნებს სიცარიელემდე მივყავარ. აი, ისეთამდე, საგულდაგულოდ შენახულ საიდუმლოს რომ მოყვები და ღრმულს გრძნობ. თანაც ისე, შინაგან მონოლოგებში რომ ვრცელია და სხვასთან საუბრისას საგრძნობლად იკვეცება, იფიტება და შრება. არ მინდა ისე გაიგოთ, რომ წარსული ტკბილი მქონდა, პირიქით, აწმყო მირჩევნია. არც ტკბილი მოგონებებია ჩემი საყვარელი სადღეგრძელო და არც თავის პატრიოტი ვარ. მინდა ყველა ის ფოტო, რაც მქონდა ხელახლა გადავიღო და წარსული აწმყოში გავამეორო. აქ გამახსენდა ბარბაქაძის სიტყვები, რომ სიყვარული ნოსტალგიაა წარსულზე, რომელიც არასდროს ყოფილა, მაგრამ რომლის დაბადების დიდი ალბათობა არსებობს. ან რა შუაშია სიყვარული. და ფიქრით სიყვარულში გადავეშვი. ხარანაული გამახსენდა, სიყვარულს რომ ილუზიას არქმევს, ლამაზი სიტყვააო ილუზია. ილუზია იგივე მაია. მაიასთანაც მქონდა ფოტო. ფოტოგენური ვარ. აიდი ფოტოებზეც მიყვარდა თავი.
ყოველთვის მინდოდა წერტილი დამესვა წარსულისთვის. ახალი ფურცლიდან დამეწყო ცხოვრება. საგნებიც კი ამისკენ მიმითითებენ. მე აღარ დავწერ ბლოგს რამდენიმე ადამიანისთვის ჩემი წარსულიდან.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s