მე მინდა მქონდეს თბილი სახლი, – ამეკვიატა. მეგობარი მღეროდა ასე. ხელში აყვანილი მატრიალებდა და რომ დავბრუნდი, გონებაში იმდენად ჩამრჩა, ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორია სახლი, სადაც თბილა. უნებურად წარმომიდგება ლოგინი ბევრი საბნით და ფუმფულა ბალიშით. კარგად ჩარაზული კარით. აქ ნივთებიც იზიდავს ერთმანეთს.
ნივთებზე მახსენდება ამბავი მაშინკაზე. დათვთან ერთად რომ ცხოვრობდა და მე ვყვებოდი. როცა ვყვებოდი, ჩემს ხმას კასეტაზე იწერდნენ და ტაშს მიკრავდნენ. ჩანაწერი აღარ არსებობს. სამწუხაროა, რომ მეგობრებიც აღარ არსებობს.
ეს ჩემი წრეა ბევრი ადამიანით თუ საგნით. ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში არიან დამატებითი ადამიანები, რომლებთან კონტაქტიც მსიამოვნებს და უკონტაქტობა მათ არც მახსენებს. მათ კი, არ ვიცი, შეიძლება მარტოობის გამო ვჭირდები. ეს ჩემი წრეა, სადაც ბევრი ადამიანია.
ისინი: – გინდა ვიმეგობროთ?
მე: – მკიდია.
ჰოდა, ვმეგობრობთ. მივდივარ ქუჩაში და ვეჯახები ხალხს.
დიახ, მეც ვარ დამატებითი ადამიანი ბევრისთვის. განსაკუთრებით ისინი მაღიზიანებენ, მარტოობის გამო რომ არიან ვინმესთან, ლოშნიან ჩემს კეტებს მადლიერების ნიშნად და მუდამ შეხებას ცდილობენ გადასასვლელზე მივდივარ თუ სკვერში ვზივარ; მაღიზიანებენ ისინი, რომლებიც მაცოდებენ თავს, იმისთვის რომ სითბო ან სხვა კეთილდღეობა მიიღონ; მაღიზიანებენ ისინიც, რომლებიც ყველასთან და ყველაში ითქვიფებიან; ისინიც, სიამტკბილობას რომ აფრქვევენ ერთი ბეწო კომპლიმენტისთვის. მოკლედ, მაღიზიანებენ დამატებითი ადამიანები ჩემში. და ნუ მაცოდებთ, რომ უჩემოდ მოკვდებით, ზედმეტად არ შთააგონოთ თავს 🙂