მას შემდეგ, რაც ხელში ფირფიტა დავიჭირე წარწერით, რომ ”ვიბარებ ქმრებს, საყვარლებს, მეგობრებს, მშობლებს თუ შვილებს, რადგან ორ კვირაში მიხვდნენ, რომ მხოლოდ თქვენ უყვარხართ,” აბრამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მეც შევუდექი საქმეს. თავიდან კლიენტურა ნაკლები იყო. ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ სანაცნობო წრიდან რეკლამამ (ცოტა მეწყინა ეს) თავისი ქნა და გრაფიკიც დამეტვირთა. დღის განრიგი ისე დავალაგე, ჩემი საქმიანობა სწავლას არ უშლიდა. ფილოლოგიურზე ვსწავლობდი და უძილობისას ანბანს ვიმეორებდი. უძილობა სამი-ოთხი საათი გრძელდებოდა და ბოლოს თავს მაინც ქვეცნობიერს გადავულოცავდი. სიზმრები სხვადასხვა იყო, – ძირითადად განვლილი დღის ანალიზი.
შევჩერდეთ იქ, სადაც მტრები გავიჩინე. უფრო სწორედ, მტრები არა, სამაგისო ენთუზიაზმი არასდროს მქონია. ვიტყოდი, – ადამიანები, რომლებიც ჩემს ზიზღში დროს კარგავდნენ. ეს კიდევ მეტად მიმატებდა კლიენტებს. მეც არა მიჭირდა რა. ცოტა ხანში მანქანაც ვიყიდე და სახლიც ვიქირავე ერთ ძველ უბანში. შემდეგ ისე მოხდა, რომ ზოგი მათგანი შემიყვარდა (ქვის ხომ არ ვიყავი). მინდოდა მათაც ვყვარებოდი, მაგრამ ორ კვირაში გარბოდნენ, პლიუს-მინუს. მძარცვავდნენ და გარბოდნენ. უცებ გავშიშვლდი. თავიდან მძიმე მომეჩვენა სამოსი, მაგრამ გახდა ამდენად არ მემსუბუქა. მეტიც, დავმძიმდი. შეჩვეული ვიყავი ჩაფუთნული სიარულს.
შიშველი რომ ვიყავი, ვნატრულობდი ლამაზი სხეული მქონოდა, თუ ლამაზი სხეული არა, ინტელექტით მაინც მეამაყა, ბოლო-ბოლო ხასიათი მაინც მქონოდა მტკიცე. თავმოყვარეობას არ მილახავს მეთქი სიშიშვლე. მაგრამ მილახავდა. იმ მომენტში მინდოდა ხე რომ მდგარიყო, მოვფარებოდი, ამექერცლა ქერქები სიმწრისგან. მინდორში ვიყავი და ბალახები თითის წვერებამდე თუ მწვდებოდა. მინდოდა რომელიმე გამვლელისთვის სამოსი მეთხოვა, მაგრამ სიამაყე მიშლიდა ხელს. ჩემი მე იფხაჭნიდა სხეულს, ისერავდა მაჯებს, ფრჩხილებით სისხლს აყენებდა. მაგრამ მე გაუნძრევლად ვიდექი. მერე გადმოვაფურთხე ვაშლი, რომელიც ნაჭამი მქონდა და შევმსუბუქდი.
გამოხმაურება: იდენტობადაკარგული გველი « merzannablume
ევა ❤