არ მგონებია, რომ მატერიისა და არსის დაპირისპირება ჩემთვის ქათმისა და კვერცხის საკითხად განიხილებოდა. მეტიც, ვერც კი წარმომედგინა, თუ მათი გაყოფა ჩემთვის ნორმა იქნებოდა და უტოლდებოდა კითხვას: ქალში სულს აფასებ თუ სხეულსო. მაგრამ ხანდახან დუალიზმის აღმოჩენამდე იმ გზის დაღეჭვა მიწევს, რომელსაც პარალელური ცხოვრებები ჰქვია. ოპოზიციურ შეგრძნებებს უკვე არსებულ ემოციებთან, და პირიქით, იმ ჩიხში შევყავარ, სადაც ჰელუინის კოსტუმში გამოწყობილი ტიპი გეუბნება: ან ტკბილი ან სულიო. მე ორივე მინდა. გესმით? ორივე! მაგრამ ცხოვრება სამართლიანია. გაერთიანების არ ქონის შემთხვევაში მდევრისა და კურდღლის ამბავს მივიღებთ.
ჩემს ცხოვრებაში ორი ადამიანია. ერთი მიყვარს როგორც მატერია. მინდება, როგორც საგანი, პატარა ბავშვს რომ სათამაშო აეკვიატება, ისე. თუ ვერ მიიღებს, კაპრიზული ტირილი ეწყება. ვამბობ, ჯანდაბას, თუ არ მექნება ისეთი ურთიერთობა, როგორიც მინდა, ისეთი ცხოვრება, როგორიც მინდა, მთავარია ის იყოს ჩემთან. არის და მის გამო ვცვლი წარმოდგენილი კონტაქტის არსს, ვაბიჯებ ყველა არსებულ ნორმას. თუ მისი თვისება არ მომწონს, საძირკველს ვუმყარებ და სახურავს ვუცვლი. საბოლოოდ მრჩება უფუნქციო საგანი. არ გაიგოთ ისე, რომ აზარტი მამოძრავებდეს, მისგან ყველაფერი მაქვს მიღებული და საგანი მაინც ძვირფასად ფასობს.
მეორე არასდროს ყოფილა ფასეული ჩემთვის როგორც მატერია, მაგრამ დასათმობად მენანება. შეჩვეული ხარო, ამბობს. ვუარობ. საქმე კი ისაა, რომ მისი არსება მენანება, ფუნქცია რაც ჩემთან ჰქონდა, რადგან არასდროს გვიგვრძნია თავი ამდენად შერწყმული სხვებთან. ყველაზე მეტად მასთან ვგრძნობ სიტყვა – ”ჩვენს”. მაგრამ ამ ”ჩვენში” იკარგება მისკენ, როგორც სუბიექტისადმი ლტოლვა. მთავარია, მქონდეს ისეთი ურთიერთობა როგორიც მასთან და არ აქვს მნიშვნელობა ვისთან.
მაშასადამე, ჩემს ცხოვრებაში ორი ადამიანია: რომელიც მიყვარს და რომელსაც ვერწყმი. და მე არ ვიცი რომელი ავირჩიო. აჰ, ვიცი: ღმერთი სამობითაა 😉