გზაზე ერთი გოგო მიდიოდა

როცა სახლი პატარაა, ოთახიც არ მაქვს, რომ მოვიკუნტო, ირგვლივ მეორადი მოხმარების ჰაერია, ჩემში სხვათა ნახშიროჟანგია. დილით აბაზანაში შევდივარ. ტესტი შემაქვს, ჭიქა და ლეფტოპი. ლოდინის დროს წერით გავერთო.

ეს ძველი და ბინძური გზაა, სახლის ქვევით, მეტრომდე რომ ჩადიხარ. მუშები ამბობენ, იმ კვირაში იქნებაო. ეს მოღუშული კაცი მამაჩემია. რძე მიაქვს. ცოტა ხანი კიდევ იცოცხლებს. მეუბნება, რომ ჩემი რცხვენია. მე კი ვამბობ, რომ ცხოვრება ჩემია. ცოდვა ჩემია. ეს დედაჩემია, გუშინ ჩემი დღიური წაიკითხა. ამბობს, ჩემთან მეგობრობა უნდა. მე კი ჩვენს საერთო კარადას ვაღებ და ცარცით საზღვრებს ვხაზავ: აქედან აქამდე ჩემია!

დედა, ახლა ხატებთან რომ ლოცულობს, იმის მაგივრად, რომ ყოფილიყო როგორც ბავშვი, ბავშვად დარჩა. ჩარჩა ბავშვობაში, სადაც მშობლები ჰყავდა. მას მერე, რაც 40-ს გადააბიჯა, მეტად ხშირად იგონებს წარსულს. სჯერა, რომ ვიღაც ჩვენში დიდი ხნის ნალოდინევი ანტიქრისტეა, ისიც უფრთხის ადამიანებს. მგონია, სულ ასეთი იყო, – მარტოსული და მორწმუნე. მირჩევს ხოლმე, არ ვიფიქრო ბევრი, მირჩევს ხოლმე, მიყვარდეს.

***

ეს ჩემი მეგობარია. აფთიაქთან დგას და ორსულობის ტესტს ყიდულობს. გამყიდველს ეღიმება, მზრუნველი ქმარიაო, ფიქრობს. არადა რა იცის, თუ ორსულად აღმოჩნდა გოგო, ნაყოფს რომ მოკლავს. არა და ბიჭმაც რა იცის, გოგო არ მოაკვლევინებს. ძლიერი უნდა ვიყოო და გადაიფიქრებს. გამყიდველი იხსენებს, რომ ინდოელები გაქვავებულ დინოზავრებზე ატარებდნენ ცდებს და რომ პირველად ცხოველები დაავადებულან და მერე – ადამიანები. ან მსგავს რამეს.

მეგობარს გადავხედე. ვეკითხები:

– იყიდე?

– გამყიდველს გაეღიმა, არა და რა იცის..

***

ვიცი რა იქნება მერე.

გზაზე ერთი გოგო წავა. დედისნაირი ცხოვრება ექნება და შვილს ურჩევს, მშობელი უყვარდეს.

მე ვიქნები ლამაზი, თამამი და ჭკვიანი, იმდენად ეგოისტი, როგორიც დედა არ ყოფილა. და ვუბრძანებ ჩემს შვილს, ვუყვარდე!

პასუხამდე ორი წუთი რჩება.

***

თუ ფეხმძიმედ ვიქნები, შვილი გამიჩნდება, შვილი თუ გამიჩნდება; მკითხავს, მამა ვინ არისო; თუ მკითხა, ვეტყვი: ჩემში წიგნები მოსწონდა, თავისუფლების აპოლოგია, აღტაცებით რომ ვსაუბრობდი. ხანდახან მის მანქანაში და სახლში. სახლი. არეული სახლი ჰქონდა. უამრავი გასარეცხი ჭურჭელით თუ მიხვდებოდი, რომ ვიღაც ცხოვრობდა. ვიღაც. მითხრა, რომ ჩემნაირ გოგოს ცოლად ვერ მოიყვანდა, საზოგადოება არ მიიღებდა. ჩემნაირს. ცოლად. საზოგადოება.

– სხვანაირი რომ ვიყო, არ შეგიყვარდებოდი.

– ვიცი.

მერე მითხრა, რომ ცოლი მოჰყავს, მაგრამ არასდროს მიმატოვებს. ცოლი. არასდროს. მერე მითხრა, რომ ეცადა დათმობას, მაგრამ ვერ შეძლო. დათმობა. ვერ. მერე მითხრა, შევწყვიტო უმიზნოდ ცხოვრება. ცხოვრება. მერე მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობა ორი განსხვავებული მენტალობის ურთიერთობა იყო. განსხვავებული. რადგან ამას ცრემლებამდე და უძილო ღამეებამდე მივყავარ. ცრემლები და უძილობა. მე ვპასუხობ:

– მე ვამაყობ ჩემით.

მეხუტება მუცელზე და მკოცნის. ცდილობს გააჭიანუროს დაშორება. ჩემთვის უმტკივნეულო რომ იყოს. მიფრთხილდება. კეთილადაც მექცევა. შენზე ახლოს არავისთან ვყოფილვარო და ყვირილით ვეკვრი.

ტესტის პასუხია: ორსულად არ ვარ.  ვერავის ვეტყვი, რომ გზაზე ერთი გოგო მიდიოდა. ფონს გადიოდა. ადამიანებში შედიოდა, მაგრამ იმდენად თხელები იყვნენ, რომ მათთან ზურგიდან გადიოდა. აღარაფერი უკვირდა, მაგრამ მაინც ტიროდა. სულ ტიროდა. ავადმყოფი ხარო, ეუბნებოდნენ. ჰოდა, ერთხელაც შუა გზაზე შეჩერდა და თქვა:

– მანქანა უნდა ვიყიდო. ყველას გადაგივლით.

”ზაბრისკი პოინტში” რომ ბოლოს აფეთქების სცენაა, ისე.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s