რასაც არ ვიტყვი, ჩემ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
ვდუმვარ. მაკერებენ თვისებებს, რომლებიც არ მაქვს. და როცა აღმოაჩენენ, რომ არ მაქვს, როლი გაქვსო, და მიდიან.
საყიდლებმაც ვერ მიშველა. მიკვირს. მიკვირს? ვეღარ.
დახურული სივრცე არ მიყვარს, როცა მოძრაობს. როცა დგას, მაშინ რეაქცია არ მაქვს. მოკლე და ვიწრო ტრანსპორტებს ვერ ვეგუები. მგონია წავიქცევი, არა და ვზივარ. იშვიათად დავდივარ მარშუტკით. ზოგჯერ კილომეტრებს გავდივარ ფეხით. ფეხით სიარული მიყვარს. როგორც საკუთარი თმა მიყვარდა ერთ დროს. მერე შეიღება.
სულს ვუბერავ ჰაერს და ასე ვერთობი საღამომდე. საღამოს ადრე დავიძინებ ჰაერისგან გამოფიტული.
ხანდახან ციტრუსს ვიწურავ ტუჩებზე. ხელებს საპნით დღეს მერამდენედ ვიბან. ერთ წერტილს ვუყურებ და ვხვდები, როგორ დიდდებიან საღებავის ფოსოები და შიგნით შავი კარკასი მხვდება. საინტერესო საქმიანობაა და წარმოიდგინეთ, – შემეცნებითი.
გინახავთ პიანინოს ჩონჩხი? სიმებაცლილი ხმოვანი სისტემა? დავშალე.
დრო სწრაფად გადის. კიდევ დღე ცხვირსახოცების სვრაში და მათ რეცხვაში ვატარებ. სანამ შრებიან, – ვისვენებ.
ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ერთით მეტი კბილი მაქვს. უცნაურია, აქამდე არ შემიმჩნევია. სხვამ მითხრა. ექიმმა. მერე იმან სხვა ექიმს დაუძახა და ერთად იცინოდნენ. რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს. ჯერ ოღროჩოღროა. მერე სუსტია და ემალაცლილი.
სტომატოლოგებთან დედასაც არ აქვს კარგი ისტორია. სამაგიეროდ მამისგან სუსტი თირკმელი მაქვს. მამას ერთი საერთოდ არ აქვს, მე – ორი, მაგრამ ავადმყოფი. ამას არ ვეუბნები მათ, ვისთანაც ვსვამ ან ვისთანაც პოტენციაშია, რომ უნდა დავლიო. ანუ იციან ჩემმა მშობლებმა და ძმამ.
ვმკურნალობ. თითქოს დიეტაც. საღამოვდება. ადრე ვიძინებ. დედა შეეცდება ჩემს გამხიარულებას. მომიწვება და მომიყვება ზღაპრებს, რომელსაც დააბოლოვებს: „ყველაფერი კარგად იქნება“. მე კი დაველოდები ზარს, რომელსაც მთელი კვირაა ველი.