ვერ ვიტან ლუდს. მარტო იმიტომ, რომ გაზიანი ფსელის გემო აქვს და ადეკვატურ სუნს ტოვებს პირშიც. კიდევ იმიტომ, რომ მას უყვარს.
რომ მივუტანე, გაუხარდა. გამოხატა. არ გიყვარვარ მეთქი და წამოვედი. სისულელეა, იეჭვიანო ნივთზე ან ღმერთზე, მაგრამ კიდევ კარგი, მორწმუნე არ არის.
მისთვის ყველაფრის გამოცვლა მინდა: კაშნეს, საფულის, მაისურის, – ანუ რაც ძველ ცხოვრებასთან დააკავშირებს, რაც კი სხვამ აჩუქა. სიმ-ბარათსაც შევუცვლი და მისი კონტაქტების რიცხვი შემცირდება.
არა, ეგოისტი არ ვარ, ვერ გამიგეთ. არ მაქვს ერთადერთობაზე პრეტენზია. მშიშარა ვარ. მეშინია, რადგან ყველაფერი შემიცვალა: მეგობარი, ნაცნობი, გამვლელი, ჩემი წერის და სალაპარაკო ობიექტი გახდა. უბრალოდ უსამართლობაა, ცალმხრივი თავდადება. მეც ეგოისტს ვთამაშობ. ხანდახან ისე, რომ თავს დავაჯერე, რომ ვარ.
თავიდან ვეხვეწებოდი მივეღე როგორიც ვიყავი. თვისებებს ჯაჭვის ეფექტი აქვს, ერთს ამოიღებ და დომინოსავით დაინგრევა მეთქი. ხელოვანად მოჰქონდა თავი. თან გულწრფელად მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამდენ რამეზე ეეჭვიანა ან რატომ უნდოდა მხოლოდ მისი ვყოფილიყავი. მერე მივხვდი: უკან დასახევ გზას მიჭრიდა. როცა შევბრუნდი და მის გარდა არავინ მყავდა. მას ისეთი დიდი ნებისყოფა აქვს, მე ის გავხდი.
და ახლა ხედავს, როგორ გამოდის მწყობრიდან მისი ხელოვნების ნიმუში და ბრაზობს როცა სუნთქვის საშუალებას არ ვაძლევ. ვჩხუბობ. ჩხუბობს, მაგრამ ჩემგან მაინც არ მიდის. აღფრთოვანებული ვარ, რომ მიძლებს – რამხელა ნებისყოფა აქვს.