ბოლო მწამს, ფიცი მაკვირვებს

ერთ ფილმში, როცა პერსონაჟმა დის სატელეფონო საუბარი მოისმინა, შენიშვნა მისცა: რატომ იცრუე რომ მოდელი ხარო. ტყუილი არ მითქვამს, ჩემი გარეგნობა ბიჭებისთვის გასაგებ ენაზე ავღწერეო, – უპასუხა მან.

ერთი მეგობარი მყავს: სულ სიმართლეს ამბობს, მაგრამ სანახევროდ.
მეორე მეგობარი მყავს: იმდენ სიმართლეს ამბობს, რომ არ სჯერათ.
გაგებული მაქვს, ტყუილის დროს ცხვირი ეფხანებათო და არ იფხანს.

რა არის ტყუილი?
როგორც ვიკიპედიამ აღნიშნა ცბიერების ერთ-ერთი სახეთაგანია, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.
ხოლო მატყუარა არის ადამიანი, ვინც ამბობს ტყუილს, უთქვამს და მიდრეკილია ამ ქმედებისკენ ხელმეორედ – მაშინაც კი, როდესაც არ არის საჭირო.

მატყუებდნენ, თოვლის ბაბუა არსებობსო და მეც მდიდარ ბაბუას ვეძებ, საჩუქრები რომ მომიტანოს.
მატყუებდნენ, გუდიანი კაცი წაგიყვანსო და მეც იმ ბომჟს მივყვები, ცუდად რომ მომექცევა.

ვიტყუები. უფრო სწორედ, ბევრ რამეს ვმალავ. მაგალითად, ერთი საიდუმლო მეგობარი მყავს. თუ მყავდა. მისი არსებობის შესახებ არც თავად იცის. მეტიც, ხანდახან ეჭვი მეპარება, რომ არსებობს. ჰო, ერთი პრობლემა მაქვს, – გამოგონება ვიცი.
ვიგონებ საგნებიდან დაწყებული ყველაფერს, სიზმრის სცენარასაც კი ძილის წინ თავად ვთხზავ. ამას წინათ, ტკივილები გამოვიგონე. უფრო სწორედ, მჯერა, რომ მართლა მტკიოდა, ექიმები კი მეუბნებოდნენ, არაფერი გჭირსო.
მაგრამ ჩემი მეგობარი ვიცი, რომ არსებობს. ის ორი – სამი წლის წინ შემხვდა. ყველაფერი კოცნით დაიწყო. ვეუბნები: რომ არ გვეკოცნა, არ ვიმეგობრებდით. მერე კოცნა ჩვევაში გვექცა. ეს უვნებო კოცნები იყო, – აი, საკუთარ ტუჩებს რომ ადებ ერთმანეთს. ურთიერთობა მარტივი იყო. არც თამაში გვიწევდა ერთმანეთთან და არც ტყუილებს ვამბობდით, – დასაკარგი არაფერი გვქონდა.
ზოგადად, შეხებას ყოველთვის ვუფრთხოდი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მუდამ ვეხუტებოდით. თავიდან ცდილობდა, საერთო ენა გამოენახა, მაგრამ მერე არ ვსაუბრობდით, შუბლს ნიკაპზე ვადებდი, ხელებს ვკიდებდი და ვთიშავდით ტვინს. ერთმანეთს ვთიშავდით.
არც ერთ სოც. ქსელში არ მყავდა დამატებული, არც ტელეფონში მეწერა მისი ნომერი. უბრალოდ ერთი და იგივე დღეს ამოჩემებულ ადგილას ვხვდებოდით.
– რომ მოვკვდე, გაიგებ?
– ვერა.
მერე შეყვარებული გავიჩინე. როგორც ვიცი – მანაც. ისინი ჩვენს გაუჩინარებას საეჭვოდ აღიქვამდნენ და რამდენიმე დაძაბული კამათიც გადავიტანე. ერთ დღესაც მოვატყუე და გავეპარე. მაგრამ ჩემს სანახავად არ მოვიდა. იქნებ, მოკვდა.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s