როგორ ავაშენეთ სოფელი ერთ დღეს!!


ეს ის არ არის, რაც გვგონია. გავიზარდე. ოღონდ გაზრდა დამაგვიანდა. რამდენიმე წელი და დღე. მეტკინა გაჭიმული ძვლები სახსრებში და მოვიკუმშე. შევმჭიდროვდი. აღარ ვეტევი ხელის გულებში. ცივია მიწა და სველი.
მე და ჩარლი ერთმანეთის ჩრდილებზე დავდიოდით და ზიზღით მოხუცებს ვუშვერდით სახეს. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ არ დავბერდეთ.
სხეულზე მიკიდია ტანსაცმელი. კაკლის ხე მჟავეა. ფიცარი – მწარე და ძვირი. ჩარლი კაკლის ფოთლებს მიგროვებს და ფიცრებისგან მაგიდას მიკეთებს. ვჭამთ.
„ფოთლებისგან გვირგვინებს დამიწნი? და მერე მოვწიოთ.“
ვწნით.
ამ ჯიბეში ხურდა არ არის.
„აქ იყო დრო, რომ ჯადოქრებს წვავდნენ.“
„ამ ცეცხლზე?“
მას ცხვირი ცეცხლში უჩანდა და კვამლის სუნი მიიღო. მოჭუტული თვალები ჰქონდა და ცრემლიც ასევე დიდი.
– გაშინებ?
ხანდახან მგონია, რომ გიცახცახებს სახე.
– ვიცი.
– შენთან რომ მოვდიოდი, კიბეებთან ფეხი დამიცდა. დამიზილე აქლეტილი მუხლები.
თუ მე ცოცხალი ვარ, ხელისგულებში მიჭერია გული და ფანცქალებს.
– რა იქნება, ყველაფერი რომ გაქრეს.
– მეც?
ბურთად მოთავსდი ჩემს ყელში. ამწონეთ. მამძიმებს. რამდენიმე განცდად შეიკარი შიგნით და ისე მოერგე, რომ უცხო სხეულად ვეღარ აღვიქვი და ლამის ჩიყვი დამემართა. მეპატიება. მე მოდელი ვარ ჩემი.


ადამიანებმა გამაციეს. შემისრუტეს და ახლა მიჩვარული ბუშტივით ვეცემი საწოლში, სადაც აულაგებელი თეთრეულია. მხოლოდ და დამრჩა, საკუთარი გამონაგონი ტყუპისცალი და ყელში დაჭერილ ბურთებზე მიკეთებს მასაჟს.
თავდაყირა ვეკიდეთ და ბურბუშელას ვალბობდით პირში. დამირწიე ჰამაკი, მე მოვიკუჭავ კაბის ბოლოებს, არ იფრიალოს.
დაო, მე ბევრისთვის სათადარიგო ვარ, რადგან პირველადი შენ ხარ.
ხერხემალი დამიზილე სურნელოვანი ბალიშებით. მე ვიწექი მუცელზე და ვუსმენდი ფუტკრებს. შენ მიმიხატე ზურგზე ნაკბენი და დავიჯერე.
გირჩებით ავიშენეთ კარადა და შევინახეთ ჩვენი კაბები.
თუთიან ასფალტებზე ფეხშიშველები ვირბინოთ, მოდი.
მოდი ვიღრიალოთ. უცრემლებოდ ვიღრიალოთ და ხმამაღლა ვილაპარაკოთ სიჩუმეზე.
მოდი, გავბზაროთ დრო და დროზე ადრე დავბერდეთ.
მოდი, ავიშენოთ ხეები და სიმწვანეები ჩვენი სახლის ირგვლივ.
მოდი. ოღონდ მე ინვალიდი ვარ. შენ მოდი.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s