გუშინ როცა მამამ მკლავი გაიჭრა, მე ტირილი დავიწყე. ღამე სანახევროდ სისხლისგან დასველებულ იატაკს და თეთრეულს ვწმინდავდით მე და დედა. ჩემს ძმას რეაქცია არ ქონდა. იყვირე მეთქი ვეჩურჩულებოდი გულში. თოთოობის მერე არასდროს მინახავს მტირალი. დეპრესია აქვს. ვხვდები, აქამდე შენ მიიყვანე, მთელი შენი სიკვდილის აპოლოგია, განდიდება მიიღე? შენი თავს მოხვეული ფრაზებით, რომ ადამიანმა აჯობოს ღმერთს და თავად მოკვდეს, ეს შენ ხარ.
„არა, ეს ჩვენ ვართ,“– ველაპარაკები თავს.
ერთ წერტილს უყურებს. არ აინტერესებს ტელევიზორი, კომპიუტერი, სწავლა, მოიშორა ყველა მეგობარი, ახლა საყვარელ ადამიანს იშორებს, ჩვენც მოგვიშორა. შეხედე, რას დავამსგავსეთ. როგორ ხარ მეთქი, ვკითხე, რომ გავიღვიძეთ.
„კარგად ხარ, იკა? მეეც. დამთხვევაა“, – მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ რეაქცია ჰქონოდა რამე. არც გამიღიმა:
„ჩვენ ყველანი ცუდად ვართ.“
გამეცინა. შენ მოიწყინე.
გახსოვს, მამა რომ მოვიდა სახლში და დედას უყვირა, მაშინ პირველად ვნახე დედის თვითმკვლელობის მცდელობა. მერე მეორედაც. აივანზე დადგმული ფეხები და იქვე ახლოს ბებია, არ გადახტეო, არ გადახტეო. მამასთან მივედი. სავარძელში იყო, ტელევიზორს უყურებდა და დარდობდა.
„მამა, რატომ უნდა დედას რომ მოკვდეს?“
„აი, ვახშამზე, წვნიანი რომ არ ჭამე.“
მე არ მიყვარს მამა.
მე არასდროს დავემსგავსები დედას.
როცა გიოს შესახებ მშობლებს მოვუყევი, როგორი ბიჭიაო, მკითხეს. გამეღიმა და ვთქვი: მამას გავს.
გამოხმაურება: პეპელა სახელად – კამპა « merzannablume