უელბეკის მარტოობა ანუ მასტურბაცია

მიშელ უელბეკის ნაწარმოების გმირები ამაზრზენნი არიან. ისინი არ უყვართ, მათ არ უყვართ. მარტონი არიან მეტროპოლიტებში, ცხოვრებაში საკუთარ სხეულთანაც კი. ისინი ახალი დროის ადამიანები არიან, რომლებიც აყალიბებენ მასას. ვხედავთ ინსტინქტები როგორ მოქმედებენ მათზე, ადამიანებზე.
მიშელ უელბეკი მკაცრი ჟამის მკაცრი მწერალია. ის ამბობდა: “მე მანიაკალურ-დეპრესიულ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები. თითოეულ თვალში მხედველობა +10 მაქვს, ასე რომ, მერწმუნეთ, ყოველივეს ნათლად ვჭვრეტ”.
“ყოველ საზოგადოებას აქვს თავისი სუსტი წერტილები, სხეულის ის ნაწილები, სადაც წინააღმდეგობა იკლებს და ჭრილობასთან შეხება კიდევ უფრო მტკივნეულია. დაადეთ თითი ნაჭრილობევს და ძალუმად დააწექით! ილაპარაკეთ იმაზე, რაზეც არავინ საუბრობს. წარმოაჩინეთ საგანთა და მოვლენათა სარჩული, განსაკუთრებული სიცხადით დამოკვეთეთ სნეულება, სულთაბრძოლა, სიმახინჯე, ილაპარაკეთ სიკვდილზე და დავიწყებაზე, შურზე. გულგრილობაზე, იმედის გაცრუებაზე, სიყვარულის უკმარისობაზე. იყავი ამაზრზენი და იქნები მართალი… მე კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი”.
მიშელ უელბეკი ცნობილია, როგორც პროვოკაციული რომანებით.
იგი მთამსვლელი მამისა და ანესთეზიოლოგი დედის ოჯახში დაიბადა. ჯერ ალჟირში, დედის მშობლებთან იზრდებოდა, ექვსი წლის ასაკში კი მამის დედამ აიღო მასზე მზრუნველობა. სწორედ ბებიის გვარი გამოიყენა შემდგომში მიშელმა თავის ფსევდონიმად.
ჩაწერილი აქვს სიმღერების ალბომი, არის რომანისტი, პოეტი და არის ესეების ავტორი.
მას სექსზე საუბრისას ვახსენებთ. მისი პირველი ლექსები, ისევე როგორც უკანასკნელი რომანები ეროტიული შინაარსისაა. მწერლის წარმატება, მეტწილად, განაპირობა ეროტიზმისა და პორნოგრაფიის განსაკუთრებულმა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელმა კონცეფციამ და სექსუალური სცენების “უბიწოებამ”. ეს კონცეფცია გამჟღავნდა რემი დე გურმონის ლექსების კრებულში “გიაცინტების სურნელი”, რომელიც შეადგინა და გამოსცა.
1983 წლიდან ინფორმატიკოსის კარიერას იწყებს, შემდეგ, სამი წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. ამ პერიოდს აღწერს იგი თავის რომანში „ბრძოლის სფეროს გაფართოება“. 1991 წელს გამოდის მიშელ უელბეკის ორი პოეტური კრებული, რომლებსაც არანაირი წარმატება არ მოჰყვება.
პირველი რომანი, „ბრძოლის სფეროს გაფართოება“, რომელიც თავიდან ბევრმა გამომცემელმა დაიწუნა, 1994 წელს გამოიცა და უდიდესი წარმატება ჰხვდა წილად, განსაკუთრებით ახალ თაობაში. 1999 წელს საფრანგეთში, ფილიპ ჰარელის მიერ რომანი ფილმად იქნა გადაღებული, ხოლო 2000 წელს დანიაში ჟან ალბინუსმა მისი სატელევიზიო დადგმა განახორციელა.
მსგავსი აზრი განვრცობილია უელბეკის მომდევნო რომანში, „ელემენტარული ნაწილაკები“, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ნაწარმოებში გატარებული “საეჭვო აზრების” გამო უელბეკი გარიცხულ იქნა პერპენდიკულართა წრიდან. თუმცა ამ აურზაურმა უელბეკის პოპულარობა უფრო გააძლიერა. რომანი დაჯილდოვებულ იქნა ნოემბრის პრემიით.
2002 წლის 17 სექტემბერს ჟურნალში <> გამაოქვეყნებული მისი ინტერვიუს გამო რამდენიმე ისლამურმა საზოგადოებამ და მათ შორისპარიზის მეჩეთის წინამძღოლმა უელბეკი დაადანაშაულა ისლამოფობიასა და რასიზმში. მართალია, პარიზის ინტელექტუალური საზოგადოების თანადგომისა და მისი პირადი ადვოკატის წყალობით მწერალს ბრალი მოეხსნა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უელბეკმა დატოვა საფრანგეთი და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.
„ბრძოლის ველის განვრცობის“ მიხედვით ადამიანს სიცოცხლის სიყვარული თითქმის არ აქვს. აქეთ სამსახური, იქით საყიდლები, ავტომატური სალაროები, სადაც ქისა უნდა შეივსო (თანაც ზოგჯერ, ლოდინიც უწევს). მერე კიდევ, დრო და დრო, რაღაც ცნობები უნდა მიაწოდო სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც შენი ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს აწესრიგებენ და მეთვალყურეობენ. ამას გარდა, შეიძლება ავად გახდეს. ეს კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს და ახალ საზრუნავს უჩენს.
ადამიანს, ასეთი სამყაროდან, ბავშვობაში წესი და რიგი აღარ კმაროდა, ვერ ძლებდა ჩარჩოში, მოწესრიგებულ სამყოფელოში. გაიზარდა. თითოეულ ცხოვრებისეულ ნაბიჯზე ჩაძირვას ელოდება. სუნთქვა ეკვრის, ფილტვები დასკდომაზე აქვს, წყალი სულ უფრო და უფრო სუსხავს, გემოც უფუჭდება. მერამდენედ იხსენებს როგორ შეაბიჯა ბრძოლის სამყაროში.
იგივე ცხოვრება აქვთ „ელემენტარული ნაწილაკების“ პერსონაჟებს. რომანი იმ ადამიანის თავგადასავალია, რომელმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი, დასავლეთ ევროპაში გაატარა. სიღატაკის მუქარის ქვეშ მყოფ მისი თაობის ადამიანებს სიმარტოვესა და სიდუხჭირეში უხდებოდათ ცხოვრება. სიყვარული, სინაზე და ძმობა, არსებითად, გაუჩინარდა. ადამიანთა ურთიერთობებში გულგრილობამ და სისასტიკემ იჩინა თავი. წიგნი ადამიანს ეძღვნება.
„ადამიანის ცხოვრება შეგიძლია გრძლად მოყვე ან ორ სიტყვაში ჩაატიო, ნება შენია! მეტაფიზიკური ანუ ტრაგიკული არჩევანი, რომელიც, საბოლოო ჯამში, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებით შემოიფარგლება, ბუნებრივია, სიმარტივისა და უკიდურესი სიმოკლის გამო სხვებზე მეტად ფასობს. ასე რომ, ამ ადამიანების მიწიერი არსებობის კლასიკური სტილით აღწერა შეიძლება ორმა თუ სამმა გვერდმა დაიტიოს.“3
ბრუნო ამბობდა: „მშობლიური სიყვარული ვიღაცის მოგონილი სიცრუეა.“
„სიცრუე კი მაშინ ამართლებს, თუკი სინამდვილის შესაცვლელადაა მოგონილი,“16– ფიქრობდა მიშელი.
ბრუნომ ანი 1981 წელს გაიცნო. ქალს სილამაზის ბევრი არ ეცხო, მაგრამ სიმარტოვის დასაძლევად შეირთო. ანი მემარცხენეთა ოჯახში გაიზარდა. ქორწინებამდე დაორსულდა. ქორწილის დღეს მიიღეს დალოცვა: „ორნი იქცევიან ერთ ხორც“.
1986 წლის დამდეგს 30 წელს მიტანებულმა ბრუნომ წერას მიჰყო ხელი. მერე საყვარლებიც გაიჩინა.
სხვანაირი ცხოვრება ერგუნა მიშელს. მას პირველყოვლისა თავი მეცნიერად მიაჩნდა და თვლიდა, რომ კლასიკურად თვითკმარი და ძნელად უარსაყოფი არგუმენტებით გამაგრებული ბიოფიზიკური ნაშრომებით გარკვეული ამაგი დასდო ადამიანის მოდგმის წინსვლას.
დრო სხვა არაფერია, თუ არა ერთი საკმაოდ ჩვეულებრივი საიდუმლო და რომანს ბოლომდე გასტანს მეოცე საუკუნის შუა წლებიდან ოცდამეერთე საუკუნის მოვლენათა მიმოხილვა.
მთავარ პერსონაჟთა წინაპრებიც არაფრით განსხვავებული, სიმბოლური წინაპრები არიან, რომლებსაც ჩვენ დროში კიდევ შევხვდებით. მაგალითად, ბრუნოს მამა მაიმუნს გავდა, ხელში მობილური ტელეფონით. ტექნიკის ცვლასთან ერთად იცვლებოდა ადამიანთა ფსიქიკაც. თუ პირველ რომანში ყურადღება ტექნიკაზე ირიბადაა გამახვილებული, „ელემენტარულ ნაწილაკებში“ ავტორი პირდაპირ გვეუბნება რობოტიზაციის, მეცნიერების როლზე თანამედროვე ცხოვრებაში.
1969 წლის 21 ივნისს, მიშელმა საკუთარი თვალით იხილა ადამიანის პირველი ნაბიჯები მთვარეზე. მასთან ერთად ამ დიდებულ სანახაობას დედამიწაზე გაბნეული ექვსასი ათასი მილიონი ტელემაყურებელიც ადევნებდა თვალს. იმ ტელეგადაცემის რამდენიმე საათმა დასავლეთის ტექნოლოგიური ოცნება აახდინა. და ეს დასაწყისი იყო ამ ოცნებისა, მისი ზეიმი. ეს მოვლენა შემდგომში სხვა მხრიდან იქნება დანახული.
ბაღში კითხვისას მას თავში აზრმა გაუელვა, რომ სიცოცხლის ქიმიური საფუძვლები, შეიძლება, ძირფესვიანად სხვაგვარი ყოფილიყო. ის როლი, რომელსაც ცოცხალ არსებებში ნახშირბადის, ჟანგბადისა და აზოტის მოლეკულები ასრულებდნენ, შეიძლებოდა, იმავე ვალენტობის, მაგრამ უფრო მეტი ატომური წონის მქონე სხვა მოლეკულებსაც ეკისრათ. სხვა პლანეტაზე, განსხვავებული ტემპერატურისა და წნევის პირობებში, სიცოცხლის მოლეკულები, ადვილი დასაშვებია, კრემნიუმი, გოგირდი და ფოსფორი ყოფილიყო; ან თუნდაც, გერმანიუმი, სელინიუმი და დარიშხანი; თუთიას, ტელურსა და ტიბიუმსაც ვერ გამორიცხავდი. მიშელს აზრის გამზიარებელი არავინ ეგულებოდა და ბებიას სთხოვა, ბიოქიმიის რამდენიმე სახელმძღვანელო ეყიდა.
ისინი ღრმა, ლამაზ და შავ კუბოში ჩაესვენებიან, როგორც მათი წინაპრები. დაამშვენებს ვერცხლის ჯვარი და შემდგომ თაობებს ბედნიერების განცდა დაეუფლებათ. ასეთ დიდებულ კუბოში ჩასვენებულები თავს კარგად უნდა გრძნობდნენ.
თავიდან მიშელს ბედნიერებაზე მარტივი წარმოდგენა ჰქონდა. ამის შესახებ მას ბებიამ უამბო. ბებია ხშირად უზიარებდა აზრებს მას. ბებია კათოლიკე იყო და არჩევნებში მუდამ დე გოლს აძლევდა ხმას. ქალიშვილებს კომუნისტი ქმრები ჰყავდათ, თუმცა ეს დიდს არაფერს ნიშნავდა. მიშელმა ომის სიდუხჭირეც იწვნია. ოცი წლის ასაკში კი თავისუფლების სიხარული იგემა. მემკვიდრეობით მიიღო სურვილები: ქალი მუდამ სახლშია და ოჯახს უვლის (სამზარეულოს ელექტრომოწყობილობების წყალობით, ოჯახის მისახედად ბევრი დრო რჩება; მამაკაცი სამსახურში დადის (რობოტიზაციის პირობებში მუშაობა გაადვილებულია).
ორივე რომანში პერსონაჟებს აქვთ თავისუფალი დრო, ოღონდ არ იციან როგორ დახარჯონ.
მ. უელბეკის პერსონაჟთა ცხოვრებას აერთიანებს მეოცე საუკუნის შუა წლებში მომხდარი სექსუალური რევულუცია. საზოგადოების ზნე–ჩვევების თვალსაზრისით, 1970 წელი, ჯერ კიდევ ფხიზელი ცენზურის მიუხედავად, ეროტიკულ ლიტერატურაზე მოთხოვნილების სწრაფი ზრდით გამოირჩევა. მუსიკალური როკ–ოპერა „თმები“, რომელმაც ათასობით ადამიანი აზიარა სამოციანი წლების „სექსუალურ თავისუფლებას“, არნახული წარმატებით სარგებლობდა. სამხრეთის პლაჟზე მკერდმოშიშვლებული ქალები გამოჩნდნენ, გაიზარდა სექს–შოპთა რიცხვი.
60–იანი წლების მანძილზე მიფუჩეჩებულმა იდეოლოგიურმა კონფლიქტმა, 70–იანების დასაწყისის გამოცემებში „ქორფა ასაკის ქალიშვილი“ და „20 წელი“ იფეთქა შეკითხვამ: რა შეიძლება ქორწინებამდე?
რომანში „ბრძოლის ველის განვრცობა“ პერსონაჟი მოწყვეტილია ცხოვრების სიამოვნებებს. თავისუფალ დროს ფირფიტებს უსმენს, მაგრამ დრო გადის და ესეც აღარ აღელვებს. სახლში ჩირთი-ფირთობა შეიძლება საქმეს წაადგეს. მაგრამ, ვერაფერი აღუდგება წინ სულ უფრო ხშირ განცდას წუთისა, როდესაც აბსოლუტური სიმარტოვე, სრული სიცარიელე და წინათგრძნობა უცილობელი უბედურებისა, რომლისკენაც მიექანება მისი არსებობა, ერთმანეთს ერწყმის და ისიც იძირები ჭეშმარიტი ტკივილის სიღრმეებში. და, მაინც არ უნდა სიკვდილი. მხოლოდ სასქესო ორგანოს მოჭრა. ხიბლავს, რომ იცის ჩასახვის თარიღი. თვლის, რომ ეს გასაოცარია.
“ეს-ეს არის 30 წელი შემისრულდა. ცოტაოდენ არეული პირველი ნაბიჯების შემდეგ, სწავლას გული დავუდე და წარმატებასაც მივაღწიე: დღეს უკვე შუა რგოლის მოხელე ვარ, ერთი ინფორმაციული ფირმის ანალიტიკოს-პროგრამისტი. მინიმალურ ხელფასზე ორჯერ მეტს ვიღებ ( ეს კი ჩემს ყიდვითი უნარის გარკვეულ ზღვარს მიანიშნებს). ჩემს ფირმაში სამსახურეობრივი წინსვლის იმედსაც არ ვკარგავ. თუკი, რა თქმა უნდა, ბევრ სხვასავით, რომელიმე ჩვენი კლიენტის მსახურება არ დავიწყე. ასე რომ, ჩემი საზოგადოებრივი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. სექსუალურ მხარეს რაც შეეხება, აქ ბევრს ვერაფერს დავიკვეხებ. მყავდა რამდენიმე ქალი, მაგრამ ცოტა ხნით. ლამაზი არ მეთქმის, პირად ხიბლსაც მოკლებული ვარ, შიგადაშიგ დეპრესიაც მომეძალება ხოლმე. ქალები ჩემისთანებს უებრად უვლიან გვერდს. ამიტომაც, როცა რომელიმე მათგანი გადაწყვეტს და ფეხებს გადამიშლის, ვგრძნობ რომ თავს ძალას ატანს. ეტყობა, ფიქრობს, სულ არარაობას კიდევ ეს სჯობიაო. დამერწმუნებით, ასეთი ურთიერთობიდან სახეირო არაფერი გამოვა. ქალთან სიახლოვე იმთავითვე განწირულია.”
ავტორი ორივე ნაწარმოებში („ბრძოლის ველის გავრცობა“ და „ელემენტარული ნაწილაკები“) ხშირად ახსენებს ცხოველებს და მათ ადამიანებს ადარებს, ავლებს პარალელს. ცხოველური ბუნებისთვის დამახასიათებელ არაამქვეყნიურ საშინელებასა და მარადიულ სისხლისღვრაში, სისასტიკესა და სიმდაბლეში, ერთადერთი ნათელი გრძნობა დედაშვილობა, უფრო სწორედ, ნაშიერის დაცვის ინსტინქტი იყო.
ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გამო, ორმოცს მიღწეული ადამიანები თავს ყოჩაღად გრძნობენ და ფიზიკური მდგომარეობაც შესაშური აქვთ. მაგრამ ამ ასაკიდან მაინც იწყება გრძელი, დამრეცი გზა სიკვდილისკენ. ეს კრიზისი ძირითადად სექსუალურ მოვლენებს უკავშირდება და ახალგაზრდა გოგონებისკენ სწრაფვაში იჩენს თავს. მაგრამ ასეთი არ იყო ჯერზინსკი.
წინა თაობამ მჭიდროდ დაუკავშირა ერთმანეთს ქორწინება, სექსუალური სწრაფვა და სიყვარული. ხელფასი გაიზარდა და ორმოცდაათიანი წლების ეკონომიკის დაჩქარებულმა განვითარებამ საძირკველი გამოაცალა „ანგარებით ქორწინებას“. თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას კათოლიკური ეკლესია, ალმაცერად რომ უცქერდა ქორწინების გარეშე სექსს. 50–იანი წლების დასასრული და 60–იანების დასაწყისი „სატრფიალო გრძნობების ოქროს ხანა“ იყო, ხოლო ვინც არ აყვა მას, საზოგადოებისგან გაირიყა.
სხვანაირია ანაბელი რომანში „ელემენტარული ნაწილაკები“. არ გავს ბრიჯიდ ბარდოს, მორცხვ პერსონაჟს „ბრძოლის ველის განვრცობიდან“.
15 წლის ანაბელი ნებისმიერი ასაკისა და მდგომარეობის მამაკაცების ყურადღებით განებივრებული ქალიშვილების იშვიათ რიგს მიეკუთვნებოდა. მაგრამ მხოლოდ მრავლისმომსწრე, ნამუსგარეცხილი მუსუსები თუ შებედავდნენ სიტყვას ლამაზმანს. სწორედ ისინი ეუფლებიან მათ და ქალიშვილის დაცემაც აქედან იწყება. უცნაური არ არის მისი ბედი. გადაიტანს რამდენიმე აბორტს და საშვილოსნოს კიბოსგან კვდება.
ორივე რომანში პიროვნება საზოგადოებისგან იზოლირებულია. არც ერთ მათგანში პერსონაჟები არ გამოთქვამენ ურთიერთობის სურვილს.
მაგალითად, „ელემენტარულ ნაწილაკებში“ ბრუნო მიხვდა, რომ წვრილფეხა ბურჟუების, სახელმწიფო მოხელეთა და საშუალო მოსამსახურეთა სამყარო გაცილებით მიმტევებელი, კეთილისმოსურნე და გულღია იყო, საზოგადოებისგან განკერძოებული „ჰიპებისგან“. ადვილი იყო, ჩაიცმევდა კოსტუმს, გაიკეთებდა ჰალსტუხს, სესხს გამოიტანდა, მანქანას იყიდდა. დროთა განმავლობაში გასუქდა, თმა გასცვივდა. ქონდა ცივი, თითქმის გაქვავებული სამყარო.
ბრუნოს მეგობრები არ ჰყავდა, გოგონების ეშინოდა. მას 4 წლის ასაკიდან ახსოვს თავი და პირველი გახსენება დამცირებას უკავშირდება. ბრუნოს ბავშვობისას ბოსტნის მორწყვა უყვარდა, ახლაც ინახავს შავ–თეთრ ფოტოსურათს. 6 წლისას ხელში სარწყავი უჭირავს, ბებია თავზე ადგას. მოგვიანებით საყიდლებზე სიარული შეუყვარდა, პურისგან მორჩენილი ხურდა ფულით კარამელებს ყიდულობდა. მერე რძის მისატანად მიდიოდა. ოღრო-ჩოღრო შარაგზაზე შემოაღამდებოდა, გულში შიში ეპარებოდა. დროთა განმავლობაში მაღაზიაში წასვლა ეზარებოდა, მანძილი გოლგოთად ეჩვენებოდა.
„ბრძოლის ველის გავრცობაში“ მწერალი არ ეხება ისე მკაფიოდ რელიგიურ საკითხებს, როგორც „ელემენტარულ ნაწილაკებში“. პირველ რომანში რელიგიას დაკარგული აქვს აქტუალობა და არც ეგზისტენციალური შეკითხვები ისმევა.
მეორე რომანში ისმევა კითხვები: რა არის ბედნიერება? როგორ მივიდეთ იქამდე? ავტორი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს რელიგიის პრობლემატიკას. სვამს კითხვებს. გაგონილა რელიგიის გარეშე საზოგადოების არსებობა? პიროვნების არსებობა? რამდენ ხანს გაძლებს დასავლური საზოგადოება რელიგიის გარეშე?
საზოგადოების განადგურების საკითხი არ ჩანს რომანში „ბრძოლის ველის განვრცობა“, რადგან საზოგადოება უკვე განადგურებულია. ხოლო „ელემენტარულ ნაწილაკებში“ ჩანს როგორ და რატომ განადგურდა ის.
ბრუნო ფსიქოლოგთან დადიოდა, რომელიც გატაცებული იყო ექსპერიმენტებით. ერთხელ ის სატანისტთა პროცესზე მიიწვიეს, სადაც ქნავენ და ჭამენ ადამიანს. ეს სასტიკი სამყაროა, რომელიც პერსონაჟთა აზრით, უნდა დაინთქას.
გენურ ინჟინერიას რომანში საერთო აქვს მთლიან სამყაროსთან, მოიცავს ყველა რასის თუ ნაციის ადამიანებს:
„რასისტებად არ დავიბადეთ, რასისტებად ვხდებით.“
„მხოლოდ ებრაელები არ ნანობენ, რომ ზანგებად არ დაიბადნენ, რადგან იმთავითვე გონების, ცოდვილიანობისა და სირცხვილის გზით სიარული ირჩიეს. დასავლურ კულტურაში ისეთს ვერაფერს ნახავ, რაც შეიძლება გვერდით ამოუყენო იმას, რაც ებრაელებმა ცოდვილიანობისა და სირცხვილის შეგრძნების წყალობით შექმნეს. ამიტომაცაა, რომ ზანგებს განსაკუთრებით ებრაელები ეზიზღებათ.“
ადამიანებმა წირვაზე გული აიცრუეს. დედამიწის ზედაპირზე, არაქათგაცლილი, საკუთარ თავსა და საკუთარ ისტორიაში დაეჭვებული კაცობრიობა რომანში, ვაივაგლახად, ახალ ათასწლეულში შესასვლელად ემზადება.
მატერიალიზმის საწინააღმდეგოდ, პოზიტივიზმს, რომელმაც ის შეცვალა, შეეძლო ახალი ჰუმანიზმის ფუძემდებელი გამხდარიყო. მატერიალიზმი ვერ ეთავსებოდა ჰუმანიზმს და ბოლო მოუღო მას. მაგრამ მატერიალიზმს ისტორიული ღირებულებაც გააჩნდა. უარყო ღმერთი და გადალახა ეს პირველი დაბრკოლება. ადამიანებმა დაძლიეს ეს განსაცდელი და ეჭვის წინაშე აღმოჩნდნენ. მერე აღარც ზეგრძნობადი სინამდვილის რწმენა აინტერესებდათ. „არსებობს ადამიანური აღქმა, ადამიანური სიცხადეები და ადამიანური გამოცდილება, – ამბობდა უოლკოტი, – არის გონება, რომელიც აერთიანებს ყოველივე ამას და არის გრძნობა, რომელიც ყოველივეს სულს შთაბერავს. ამაში მეტაფიზიკის და ონტოლოგიის ხელი არ ურევია. ჩვენ აღარ გვჭირდება ღმერთის, ბუნების ან სინამდვილის იდეები. ექსპერიმენტული მონაცემები გვიდასტურებენ, რომ მკვლევართა თან არსებობაში, რაციონალური პიროვნებათშორისი თანხმობა სრულიად შესაძლებელია. ცდებს შორის კავშირი მყარდება თეორიებით, რომლებიც შეძლებისდაგვარად ეკონომიური და უცილობლად საკამათო უნდა იყოს. არსებობს მხოლოდ აღქმული, განცდილი და ადამიანური სამყარო.“
ამ რომანშიც დგას მოხშირებული თვითმკვლელობის პრობლემატიკაც. ესენი არიან ასაკში შესული ადამიანები სუიციდის წინაშე, რომელთა მდგომარეობაც ლოგიკურად ჩანს. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ თვით სიკვდილიც კი ისე არ აშინებთ, არ ეზიზღებათ, როგორც მიხრწნილი და დაუძლურებული სხეულით არსებობის გაგრძელება.
იმ დროში, როცა ყველას ეგონა, რომ ჰიპებმა და მისთანებმა თავისი დრო მოჭამეს. პირიქით, უმუშევრობამ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა.
„რელიგიის ავკარგიანობას მისგან ნაქადაგები ზნეობა განსაზღვრავს.“ „თუმცა, კანტი მართალია, როდესაც ამტკიცებს, რომ თვით კაცობრიობის მხსნელიც კი ეთიკის უნივერსალური კრიტერიუმებით უნდა განისაჯოს. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ რელიგიები, პირველ ყოვლისა, სამყაროს ახსნა–გაგების მცდელობა განწირულია, თუკი ის რაციონალური ჭეშმარიტების მოთხოვნას არად დაგიდევს. მათემატიკური დასაბუთება და მეცნიერული ძალისხმევა ადამიანური ცნობიერების საბოლოო და უმაღლესი მონაპოვარია. კარგად ვიცი, რომ ფაქტები, თითქოსდა, ჩემს წინააღმდეგაა, ისიც ვიცი, რომ ისლამი, – ყველა სხვა რელიგიებს შორის ყველაზე ბრიყვული, ყალბი და ბნელი, – ფეხს იმაგრებს და ძალას იკრებს, მაგრამ ეს ზედაპირული და წარმავალი მოვლენაა: ქრისტიანობისგან განსხვავებით, ისლამს დიდი დრო არ უწერია, ის საბოლოოდ განწირულია“.
რომანთა პერსონაჟები გამოგონილი ადამიანები არიან, მაგრამ თავიანთ თავში მოიცავენ თანამედროვე ადამიანის ხატს. ჯერზინსკის ნაშრომები ისტორიის კუთვნილებაა. სამეცნიერო წრე იმეორებდა მის ცდებს და მისი გამოთვლების წვრილმანებში გარკვევას ცდილობდნენ. მეცნიერებმა აღიარეს, რომ მისი დასკვნები მეცნიერულად დასაბუთებული იყო. თურმე ნებისმიერი, თვით ურთულესი გენეტიკური კოდი შეიძლება გადაიწეროს სტანდარტულად გაწონასწორებული მუტაციებისა და გადახრებისთვის მიუწვდომელი ფორმით.
ჯერზინსკი თვლიდა, რომ კაცობრიობა უნდა გაქრეს, რათა ადილი დაუთმოს ახალ, უსქესო და უკვდავ სახეობას და ამით, ერთხელ და სამუდამოდ დაასამაროს ინდივიდუალობის, გათიშულობის და თვით მომავლის ცნებები.
მისმა აზრებმა რელიგიური მოღვაწეები აღაშფოთა. ნაშრომები იუდაიზმმა, ქრისტიანობამ და ისლამმა ანათემას გადასცეს. მხოლოდ ბუდისტებმა აღნიშნეს, რომ პრობლემების ტექნიკური გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა არ უნდა უკუაგდონ. შეიძლება ის მათ დაეხმარონ სამი ბოროტების (სიბერის, ავადმყოფობის, სიკვდილის) გაცნობიერებაში.
არც ერთი მეტაფიზიკური მუტაცია არ ხდება წინასწარი მუტაციების გარეშე და წინაპირობებს არ უქმნიან მათ. ეს იციან რომანის გმირებმაც. მრავალი ისტორიული წვრილმანი ერთდება და სისტემად გადაიქცევა.
ფრედერიკ ჰუბჩიაკმა რამდენიმე წელი მოანდომა მორწმუნეთა საყოველთაო სიძულვილით დაწყებული და იუნესკოსაგან დაფინანსებით დამთავრებული ნაშრომის აღიარებას. ის დიდი მეცნიერი არ ყოფილა, უბრალოდ მარჯვედ გამოიყენა ჯერზინსკის ავტორიტეტი სამეცნიერო წრეებში. ჰუბჩიაკმა მის იდეებს მასისთვის გასაგები ახსნა–განმარტებანი მოუძებნა. ამაში პირადი ორატორული ნიჭი ეხმარებოდა. ბრძოლაში მას მხარში ამოუდგნენ ნეოკანტიანელებიც. მან აღმოაჩინა, რომ ბინდში და ქაოსში ცრურწმენით გაჯერებული „ნიუ ეიჯი“ ეპასუხებოდა სინამდვილეში არსებულ შფოთსა და წუხილს. ამტკიცებდა, რომ კაეშანმოსილი ცნობიერება, რელიგიის გამაერთიანებელი ღვაწლის გარეშე, ვერც ერთი საზოგადოება ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი. ჰუბჩინკი ამბობდა ხოლმე, რომ საქმე კაცობრიობის ნიშან–თვისებების გარკვეული ნაწილის უარყოფას კი არ ეხებოდა, არამედ, ახალი გონიერი არსების შექმნას და რომ სქესის, როგორც გამრავლების წინაპირობის მოშთობა სრულიად არ გულისხმობდა სექსუალურ ტკბობაზე უარის თქმას. ზოგი თვლიდა, რომ მოდელის მიხედვით ახალი სახეობის ინდივიდები ერთი და იგივე გენეტიკური კოდის მატარებლად მოგვევლინებოდა, რაც პიროვნულობის გაქრობის ტოლფასია. ჰუბჩიაკმა მათ უპასუხა, რომ ინდივიდუალიზმი, საბედისწერო შეცდომაა და უბედურების დასაბამი. თანაც ტყუპების მაგალითი მოჰყავდა, რომ ადამიანებს მსგავსების მიუხედავად საკუთარი პიროვნება და იდენტობა გააჩნიათ. ბოლომდე იცავდა იდეას, რომ ახალი სახეობის ინდივიდთა რიცხვი წინამორბედთა რიცხვს არ უნდა აღემატებოდეს. მიზანი ის იყო, რომ შენარჩუნებულიყო ინდივიდთა ის რიცხობრივი რაოდენობა, რომელიც იყოფა მხოლოდ საკუთარ თავზე და ერთზე და ამით ყურადღება გამახვილებულიყო იმ საშიშროებაზე, რომელიც საზოგადოების დამოუკიდებელ ნაწილებად დაყოფაში იმალებოდა. მან ნაკლები ყურადღება მიაქცია ბუნებრივ მუტაციას, მეტაფიზიკურ გადატრიალებას. ჰუბჩიაკის მუტაცია შესძენდა ახალ სიცოცხლეს ისეთ ცნებებს, როგორიცაა კოლექტივიზმი, ერთგულება, სიწმინდე. მისი გარდატეხით, ცვლილება გონს არ შეეხებოდა, სახეს გენი იცვლიდა.
ადამიანის მიერ „ხატად თვისა“ შექმნილი პირველი არსება 2029 წლის 27 მარტს, მიშელ ჯერზინსკის გარდაცვალებიდან 20 წლის წლისთავზე მოევლინა სამყაროს. მოვლენამ იმაზე მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია, ვიდრე 60 წლის წინ, მთვარეზე რომ დადგა ადამიანმა ფეხი. ჰუბჩიაკმა განაცხადა: „ჩვენთვის ცნობილ ცხოველურ სამყაროში, ის გახლავთ პირველი სახეობა, რომელმაც თვითმოშთობის და საკუთარი თავის სხვა სახეობით შენაცვლების პირობები შექმნა.“
დრო გავიდა. ძველი რასის რამდენიმე არსება ღერა–ღერა თუ შემორჩა აქა–იქ, ისიც მხოლოდ ტრადიციული რელიგიური დოქტრინების გავლენით.
მ. უელბეკი აღნიშნავს, რომ პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ძალადობის ფაქტებს, რომელთა რიცხვიც საზოგადოებას არ აღელვებს და ადამიანები მორჩილად უყურებენ საკუთარი გადაშენების აუცილებლობას. ყოველგვარი კავშირი გავწყვიტეთ კაცობრიობასთან და ადამიანური საზომით თუ ვიმსჯელებთ, ბედნიერები უნდა ვიყოთ. საკუთარ ნებას დავუმორჩილეთ ეგოიზმი, სისასტიკე, ბრაზი. ხელოვნება და მეცნიერება ისევ არსებობს, მაგრამ აღარ მივილტვით ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ ამპარტავნობა რომ გვიბიძგებდა მასზე. ძველი ყაიდის ადამიანები სამყაროს სამოთხეს ადარებენ, ხალხიც ხუმრობით საკუთარ თავს ღმერთს უწოდებენ.
რომანში ასე გადაშენდება პატივმოყვარე, ჩხუბისთავი რასა, რომელმაც ისტორიაში პირველმა განიზრახა თვითმოშთობა და რამდენიმე წელიწადში მიაღწია მიზანს.
ღმერთის უარყოფით მატერიალისტური ღირებულებები გაჩნდა. ესაა ახალი თაობის ადამიანი მუტანტიზაციის პირობებში. „ბრძოლის ველის გავრცობა“ ერთგვარი გაგრძელებაა იმ ადამიანისა, რომელიც „ელემენტარული ნაწილაკების“ მიხედვით მივიღეთ.
რომანში „ბრძოლის სფეროს გაფართოება“ ეჭვქვეშ აყენებს დასავლური საზოგადოების ლიბერალურ მიღწევებს. მათი პეროსონაჟები ელოდებიან ქარიშხალს. ქარიშხალი ჩანს, მაგრამ მხოლოდ მეტეოროლოგიური თვალსაზრისით. მთავარი პერსონაჟი ცხოვრობს ქალაქში, სადაც ყველა ქუჩა ერთმანეთს გავს, მათი სახელებიც კი. ამ სივრცეში კარგავს მანქანას, რომელსაც წვალების მეტი მისთვის არაფერი მოუტანია. რცხვენია და ცრუობს, რომ მოპარეს. სამსახურში მეტწილად მეტროთი დადის, შაბათ–კვირასაც არსად გადის, არ იცოდა სად წასულიყო. შვებულებას ორგანიზებულ მოგზაურობებში ატარებს, სასტუმროებში ან ბანაკებში. წესიერად ცხოვრობს: იხდის გადასახადებს, დროულად ისტუმრებს ვალებს, პირადობის მოწმობაც სულ თან დააქვს (პატარა ჯიბეც აქვს შარვალზე, მეტროს ბილეთისათვის)… და მაინც, მიუხედავად ყოველივე ამისა, მეგობრები არ ყავს…
ასეთია ელემენტარული დაშლით მიღებული ადამიანი. საუკუნემ იღვაწა იმისთვის, რომ სწორედ ასეთი პიროვნებები იქცნენ საზოგადოების ზნეობის გამომხატველებად. გაქრა ზნეობის „ათვლის წერტილი“, დარჩა რთულად გასასვლელი გზა. „ბრძოლის ველის განვრცობა“ კითხვების დასმის ჟამს დაიწერა. პასუხები გაცემულია „ელემენტარულ ნაწილაკებში“. ავტორი პასუხებს მოქმედ პირთა ცხოვრების გზით და მათი გარემოს აღწერით გვიჩვენებს. კამერასავით დაყვება პერსონაჟებს და განიხილავს მათ თვისებებს ფაქტების მოყვანით.
მ. უელბეკმა შეძლო რომანებში გადმოეცა ადამიანობით, ადამიანური სურვილებით დაღლილ პერსონაჟთა სამყარო. იგი ამ სამყაროს, როგორც ყოველივე პერსონაჟს, სუბიექტურ კომენტარებს ურთავდა. მისი წერის მანერა, ისევე როგორც რომანებში არსებული გარემო, ირონიული და შემზარავია. მკითხველი მ. უელბეკის მეტყველებაში პესიმიზმს ხედავს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s