ჭია მაია

ვიყავი თუ არ ვიყავი, ვიყავი ერთი გოგონა კოპლებიანი წამწამებით და ბაფთით.

თხელი ვიყავი. თმას ჩანგლით ვივარცხნიდი და საბნის ნაცვლად ვიფარებდი ქაღალდებს.

ჭიამაიისფერი წამწამები მქონდა: წითელი და შავი.

ვიწექი მდელოზე და ვითვლიდი ჩიტებს დაბლიდან, შორიდან.

ნივთი რომ მეპოვნა, მეგონა, რომ ჭიამაიას ვერ ვუპოვნიდი დედას.

გვირაბში რომ ვიყავი, მეშინოდა სინათლის გვირაბის ბოლოს: შეიძლება რაღაც აფეთქდა ან ჩემკენ მომავალი მეტროს სიგნალები იყო.

თუ სახრჩობელზე დაკიდებულ ბიჭს ვხედავდი, მეშინოდა ტოტი არ გამტყდარიყო.

მეშინოდა წეროების, რომლებმაც კომბოსტოში დამტოვეს. მეგონა, ერთხელაც უკან დამაბრუნებდნენ.

ხალხში მეშინოდა ამოსუნთქვის, მეგონა რომ ჰაერჭამიები ჩემს ჰაერს შეჭამდნენ.

ვიბუტებოდი.

ერთხელ, როდესაც ჩიტებმა ფრთები ჩემს ყურებთან შეაფრთხიალეს, მე გული წამივიდა. წეროებმა წამიყვანეს ექიმთან.

ამწონეს. გამზომეს. დამანაწევრეს. გამიკეთეს ტვინის პლასტიკური ოპერაცია.

მე აღარაფრის მეშინოდა.

ვცხოვრობდი ცხრა ქუჩისა და მოედნის მიღმა, კოპლებიან თმას ვივარცხნიდი ჩანგლით.

აივნიდან შემოფრინდა ჭიამაია. მე და ის დავმეგობრდით.

მას კოპლებიანი კანი ჰქონდა და ნეკა თითზე მეტეოდა. ბოლო დროს გასუქდა და მემძიმებოდა.

ტელევიზიაში დავიწყეთ მუშაობა. ის ამინდის პროგნოზს მატყობინებდა, მე კი ამას ხალხს ვუყვებოდი.

როდესაც ხალხი წვიმაში  უქოლგოდ გამოვიდა, შევამჩნიე, რომ არავინ მისმენდა.

როდესაც გვირაბში მეტრომ სხეულში გამიარა, შევამჩნიე, რომ ვერავინ მხედავდა.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ჩიტები რომ დავითვალე, მივხვდი, რომ მხოლოდ ათამდე ვიცოდი დათვლა, მეორე დღეს შევამჩნიე, რომ – რვამდე. მეხსიერება იკლებდა.

თხელი ვიყავი, თმას ჩანგლით ვივარცხნიდი და საბნის ნაცვლად ვიფარებდი ქაღალდებს.

აღარ მქონდა ჭიამაიისფერი წამწამები. გავშავ–თეთრდი: თმა თეთრი გამიხდა, წამწამები შავი დამრჩა.

ბიჭებს ტოტები უტყდებოდათ, კომბოსტოებისთვის ბავშვები მიჰქონდათ წეროებს. ბავშვები კი, ტოლმასავით შეფუთულები, ჩხაოდნენ.

აღარ მეშინოდა ამოსუნთქვის ხალხში, რადგან ჰაერჭამიები ჩემს ჰაერს ვერ შეჭამდნენ. მე არ მქონდა ჰაერი.

ვიბუტებოდი.

და აი, დავინახე სინათლე გვირაბის ბოლოს. გამიტანა მეტრომ და მე შიგნითა უსასრულობაში გადავვარდი.

ჩემი სხეული ასწია ჭიამაიამ, რომელსაც თიაქარი გაუჩნდა და მოკვდა.

მე მისი დედა ვყოფილვარ.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ვიყავი მე.

ეს ბედნიერი დასასრულია.

One response to “ჭია მაია

  1. გამოხმაურება: მთვარის მეორე მხარე « merzannablume

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s