ჩემი მინიატურული ბინა

ბინა ყუთებში მოთავსდა.

მატრიოშკის პრინციპით ყუთი ყუთში ჩაიდო.

ოთხად მომკეცეს, ვერ ჩამატიეს.

ხუთად მომკეცეს და ჩამატიეს.

გავიარე კვადრატი სივრცე, კარდონის კედლები, სკოჩით დაიხურა ჭერი.

არ ვიცოდი, შიგ თუ ცხოვრობდა სხვა. ჩამოსვლაში ის დამეხმარა.

სხვას დაკეცილი შუბლი აქვს. დაკეცვის დროს დაუზიანდა.

ბნელა. მე არ მინახავს მისი სახე. შეხებით ვიცი.

მივესალმეთ ერთმანეთს კვადრატულ სივრცეში. ვისაუბრეთ მინიატურულ ქალაქზე ლუდთან და ჩაისთან. ვეკითხებით ერთმანეთს სახელებს. რა მნიშვნელობა აქვს სახელებს.

ერთმანეთი ვიგრძენით ხელის გულებზე, გულში.

ვეუბნები: „მიყვრხარ“.

„ასე მალე?“

ხელში კუბიკ–რუბიკი ეჭირა. ვალაგებდით. არატრადიციულად. შუქნიშნების ფერები ერთად მოთავსდა.

კი, გამჭირვალე ვარ. უფრო – უფერული. მიძერწავს ტანსაცმელს. ქანდაკება ვხდები. ვჩერდები ტანსაცმლის შიგნით. ვშეშდები. ირგვლივ მიშენებს ჩარჩოს, ორმაგ კვადრატში ვსუნთქავ კარდონის ჰაერს. ვჭამ კარდონის გემოიან საკვებს, მესმის კარდონის ფხაჭუნი მისი სიარულისას.

წვება ლოგინში. უყვარს თავისი ლოგინი.

ჰაერი სხვადასხვა აირის ნაერთია. ქალაქში მისი უამრავი ეგზემპლარია. აქ მხოლოდ ერთი. ქალაქში უფერო, უსუნო, უგემო, უხილავი მასა ხან მძიმეა, ხან – მსუბუქი. ბინაში ჰაერი ტბაა, არამოძრავი.

კარდონი გააკეთეს ხისაგან. ხე ჰაერსაც უშვებს და ისრუტავს. კარდონი მკვდარი ხეა, ექსპონატი.

ამოვიჩემეთ სკამი, სადაც ვსხდებოდით.

ვიგრძენი ყუთზე ფეხის კვრა გარედან. დატრიალდა სივრცე. ერთმანეთში დავტრიალდით.

ვკოცნით ერთმანეთს, რომ არ ვიგრძნოთ კარდონის ჰაერი. ყუთში არ არის ხე, ნახშიროჟანგი რომ შეისრუტოს.

როცა ჰაერი თბება, ფართოვდება და მეტ ადგილს იკავებს. ხელის გულებით ვათბობთ ჰაერს რომ გაიჟღინთოს. ვიღებ მის ხელებს, ვასუნთქებ, ვკოცნი, მერე ვუზილავ, კანის ბოჭკოებს შორის რომ გათბეს. თბება.

ის მჭირდება, რომ არ ვიგრძნო კარდონის ჰაერი. მასაც ვჭირდები.

გარე სივრცესთან გვაკავშირებს რადიო.

რადიო მართკუთხედი, ლამის წრეწირი ფორმის გამოსხივება. რადიოტალღის მზარდი სიხშირე შრიალებს. დაბალ ხმაზე ვაყენებთ შრიალს. ვშრიალებთ.

მეკითხება, როგორ ვცხოვრობდი ქალაქში.

„შენ მოგწყინდება ბინაში და დაბრუნდები ქალაქში“.

ვეუბნები, – არ მივატოვებ.

არ მომწონს, იატაკზე რომ აგდებს მოწეულ სიგარეტს, საჭმლის ნაფრცქვენებს, პლასტმასის ქილებს. ქალაქის სიბინძურე მაქვს, პლასტმასის. უფერულ კანზე მხედავს ლაქებად. არ მაძლევს სარკეს.

ვწერთ.

ხანდახან მხარზე აჯდება ობობა.

ჩვენ სამნი ვართ.

ყუთში, რომელშიც არ არის ფანჯარა, ვფსამ.

კედლებს ვჩიჩქნი.

დაწოლის წინ ვსაუბრობთ, როგორ დავტოვოთ კარდონი.

ვცდილობთ, გავიშალოთ მხრებში. გაზმორვას ვცდილობთ.

„არ დამტოვო, ერთად გავიქცეთ!“

აღმოვაჩინე, – დავპატარავდი. დამეხაზა შუბლი, მუცელი.

ჩვენს სხეულს ზომა შეუმცირდა.

„დავამტვრიოთ რადიო?“

„დავამტვრიოთ!“

არ აქვს მნიშვნელობა რომელმა რომელს უთხრა.

ვამტვრევთ.

ობობა გვაწუხებს და ვკლავთ.

ჩვევა გვაქვს, თვალდახუჭულები ვუყურებთ ერთმანეთს.

იგუდება კარდონის ჰაერისგან. ებურცება ძარღვები ზედმეტად მოძრავი სისხლისგან.

უყურებს თავის თავს სარკეში. კვდება.

ვხვდები ცოტა ხანში გავიგუდები მეც. მაგრამ აღარ მინდა ქალაქში ასვლა.

იმიტომ არა, რომ ბინძურია. მე ის არ მახსოვს.

ხანდახან მოვა ის ჩემთან მძიმე სულად, ტანი მას მხოლოდ ამსუბუქებდა. მეტყვის, რომ მისი ვარ. ჰაერის ნაცვლად, მის სულს ვისუნთქავ და გადავრჩები.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s