ვმოგზაურობ დროში და სივრცეში სიბრტყეზე.
ვტრიალებ წრეზე, ოთხკუთხედზე, მრავალკუთხედზე.
ვთამაშობ. მეთვრამეტედ მინდა სუიციდი. მეჩვიდმეტედ მოვკვდი. კომპიუტერული თამაშის პერსონაჟი ვარ.
დაკლიკებით ამირჩიეს სქესი – მდედრობითი,
სხეულის ფორმები – 88–64–92,
ხასიათი და ცხოვრება.
ჩემი ემოციებიც ჩამონათვალის გრძელი სიიდანაა: მგრძნობიარე, ეჭვიანი, ღრმა.
ვკლავ, მაგრამ არ მინდა მოვკლა. ვბომბავ. ვახრჩობ. ვაწამებ. მინდა მომკლან, დამბომბონ, დამახრჩონ.
თუმცა შნურის მეორე მხარეს მამაჩემი ზის, დაკლიკებით ის მაკონტროლებს.
მან პროტესტი გამოუთქვა ცხოვრებას.
თავის მეგობართან ერთად თამაშობს. სულ თამაშობს.
მასაც ყავს შვილი – ჩემი მტერი.
როცა გამოგვრთავენ, მე და ის ალბათ მეგობრები ვართ. ალბათ უნდება მაკოცოს, მაგრამ არ აქვს ამის მონაცემი. მე არ მახსოვს რას ვაკეთებთ, რომ გამოგვრთავენ.
მრთავენ. ვვარდები ორმოში, ვძვრები ორმოდან.
უგულო არ ვარ. ორგული დავიბადე. ახლა ორზე მეტი გული მაქვს. პირდაპირი გაგებით რამდენიმე.
მე ის ტყეში ვიპოვნე, ქუჩაში, შენობაში, მოკლულ ადამიანებს ბრონთან ერთად წავართვი.
ყველაზე გამაღიზიანებელია პერიოდი სიკვდილიდან დაბადებამდე, როცა თქვენთან წარწერები გადის და მუსიკა.
მიყვარს მუსიკა. სტილი ხასიათის მიხედვით იცვლება.
ის მუსიკა მომწონს, სიკვდილის წინ რომ ჟღერს, მაგრამ მიმიკა მოწყენილი მაქვს.
ჩემი მიმიკები არეულია.
ერთხელ ჩემი მტერი თუ მეგობარი მეკითხება ციფრების ენაზე (მას უყვარს ლაპარაკი) :
„ადამიანებიც ტრიალებენ წრეზე?“
ვპასუხობ, რომ არ ვიცი. მე ის უფრო მაინტერესებს, რამდენ ჯერზე კვდებიან.
„ადამიანებსაც აცხოვრებენ კლავიატურით?“
მე მეთვრამეტე რეინკარნაციისას მეგობარი სულ მოვკალი. ჩემი მიმიკა იყო ღიმილის.